რუსეთი იტყუება – იგეგმება “აზოვსტალზე” შეტევის გაგრძელება – უკრაინა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ეხმიანება პუტინის მიერ აზოვსტალის ქარხანაზე შტურმის შეჩერების ბრძანებას და აცხადებს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა, როგორც ყოველთვის, იტყუება.

„თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, როგორც ყოველთვის, რუსეთის ხელმძღვანელობა ტყუილს ამბობს, დიახ, მართლაც, შეუძლიათ უარი თქვან ამ კონკრეტულ ობიექტზე ფართომასშტაბიან თავდასხმაზე, მაგრამ, ჩვენი ინფორმაციით, გეგმავენ ეროვნული გვარდიის ჩართვას, ისინი გეგმავენ სხვა სტრუქტურების ჩართვას, მათ შორის FSB სტრუქტურების, რომლებიც გააგრძელებენ შეტევას ქარხანაზე, რათა გაანადგურონ ჩვენი წინააღმდეგობა“, – თქვა უწყების წარმომადგენელმა.

მისივე ცნობით, რუსული არმია ასრულებს ჯარების გადაჯგუფებას და ყველა მიმართულებით ცდილობს დაადგინოს უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველაზე დაუცველი ადგილები, რათა დაიწყოს ფართომასშტაბიანი შეტევა.

„ზოგადად რომ ვთქვათ, მტერი ამჟამად ახორციელებს ჯარების გადაჯგუფებას. ყველა ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი, რომელიც მანამდე იყო კონცენტრირებული ბელარუსის ტერიტორიაზე, ჩვენს ჩრდილოეთ საზღვრებთან, ახლა გადადის აღმოსავლეთ უკრაინაში, ეს ერთი. მეორე, მტერი ახლა ყველა მიმართულებით ცდილობს დაადგინოს უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველაზე დაუცველი ადგილები, რათა დაიწყოს ფართომასშტაბიანი შეტევა და გააძლიეროს თავისი წარმატება, პირველ რიგში დონეცკის საოპერაციო ზონაში“, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთმა ომის მეორე ფაზაში თავისი ამოცანების შესახებ განაცხადა. ოკუპანტების განმარტებით, მათი მიზანია დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე კონტროლის დამყარება, რაც საშუალებას მისცემთ, შექმნან სახმელეთო დერეფანი ოკუპირებულ ყირიმამდე.