რუსეთი უკრაინაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან – აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან გადაისროლა ძალები. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Washington Post პენტაგონის სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
პენტაგონის ჩინოვნიკები, რომელთა ვინაობა არ სახელდება, ამბობენ, რომ რუსეთი იძულებულია ამ გზას მიმართოს:
“ახლა უკვე გვაქვს მტკიცებულებები, რომ რუსეთის ფედერაციას ნამდვილად გადაჰყავს საქართველოში განთავსებული ძალები. ჯერჯერობით რაოდენობაზე ზუსტი მონაცემები არ გაქვს“– თქვა აშშ–ს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა.
ის სამხედრო ექსპერტები, რომლებიც რეგიონის სპეციფიკას კარგად იცნობენ, თვლიან, რომ კონტიგენტის გადასროლა რუსეთს როებით შვებას მოუტანს ფრონტზე კოლოსალური დანაკარგის ფონზე, თუმცა უკრაინის ომის მიმდინარეობას ვერ შეცვლის. სპეციალისტების აზრით, სხვა ცხელი წერტილებიდან ძალების უკრაინაში გადასროლა რუსეთისთვის ახალ პრობლემებს შექმნის ამ ცხელ წერტილებში. თუმცა, ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ რუსეთს მეტი გზა არ აქვს და უკრაინაში უდიდესი დანაკარგი საიდანმე უნდა შეავსოს.
იმის შესახებ, რომ უკრაინის მიმართულებით “აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში განლაგებული რუსული გარნიზონები დაიძრნენ,“ ჯერ კიდევ 20 მარტს გაავრცელა ინფორმაცია პროექტმა Conflict Intelligence Team (CIT), მანამდე ორი დღით ადრე კი ამაზე საურობდა უკრაინის წარმომადგენელი თბილისში ანდრეი კასიანოვი.
ცხინვალის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ძალების 4 გვარდიის სამხედრო ბაზაა განთავსებული, აფხაზეთის ტერიტორიაზე კი მე–7 ბაზა. ამ ბაზების შექმნის მომენტში – 2009 წელს ყოველი მათგანის პერსონალის რიცხოვნობა 1400 იყო.