უკრაინაზე სამმხრივი შეტევის, ქალაქებისა და სამხედრო ბაზების დაბომბვის შემდეგ, რუსი სამხედროები კიევის გარეუბანში შეიჭრას ცდილობენ. ამ დროისთვის სროლები ისმის ობოლონის რაიონში. თავდასხმამ, რომელიც ახლა რუსეთის მხრიდან უკრაინაზე მიმდინარეობს, შესაძლოა ცივი ომის შემდეგ არსებული უსაფრთხოების წესრიგი სრულიად შეცვალოს.
კიევში აფეთქებები პარასკევი დილის გათენებამდე დაიწყო. დასავლელი ლიდერები სასწრაფოდ შეიკრიბნენ, ქვეყნის პრეზიდენტმა კი მათ საერთაშორისო დახმარება სთხოვა.
აფეთქებების მახასიათებლები ჯერ კიდევ არ იყო ნათელი, მაგრამ ყველაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ უკრაინის დედაქალაქსა და ქვეყნის უდიდეს ქალაქს სულ უფრო მეტი საფრთხე ემუქრებოდა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მისი ინფორმაციით, კიევში რუსულმა დივერსიულმა ძალებმა შეაღწიეს და მათი ნომერ პირველი სამიზნე, თავადაა.
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კი განაცხადა, რომ შესაძლოა კიევი “ალყაში მოექცეს”, რაც ამერიკელის პირველი დიპლომატის აზრით, ვლადიმირ პუტინის გეგმის ნაწილია, რათა დაამხოს მოქმედი მთავრობა და ის თავისი ერთგული რეჟიმით შეცვალოს.
სააგენტო “ასოშიეთედ პრესის” ცნობით, ამერიკის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა, კონგრესმენებს ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე უთხრა, რომ რუსული მექანიზებული ძალები, რომლებიც უკრაინაში ბელორუსის გავლით შევიდნენ, კიევიდან დაახლოებით 20 მილის (32 კილომეტრის) დაშორებით იყვნენ განლაგებული.
რუსულმა მხარემ თავდასხმის პირველ დღეს, უკრაინის ქალაქებსა და სამხედრო ბაზებზე სარაკეტო იერიში მიიეტანეს. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ დაკარგეს კონტროლი გაუქმებულ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ მსხვერპლზეც ისაუბრა და თქვა, რომ ხუთშაბათს საღამოს მონაცემებით, გარდაცვლილია მინიმუმ 137 ადამიანი. მათ შორისაა 10 ოფიცერი და საზღვრის 13 დამცველი.
პრეზიდენტის ინფორმაციით, დაჭრილია 316 ადამიანი. ყველა მათგანმა დაზიანება შეტაკებების დროს მიიღო.
“რუსეთი ბოროტების გზას შეუდგა, მაგრამ უკრაინა თავს დაიცავს და თავისუფლებას არ დათმობს”,- დაწერა “ტვიტერზე” ზელენსკიმ. პრეზიდენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და სრული სამხედრო მობილიზება გამოაცხადა, რაც მომდევნო 90 დღის განმავლობაში გაგრძელდება.