დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ბოლო კვირებში რუსეთმა გაათავისუფლა უფროსი მეთაურები, რომლებიც ცუდად ასრულებდნენ უკრაინაში შეჭრის საწყის ეტაპებს
გათავისუფლებულთა შორის არის გენერალ-ლეიტენანტი სერგეი კისელი, რომელიც მეთაურობდა ელიტარულ პირველი გვარდიის სატანკო არმიას და ვერ აიღო ხარკოვი.
ასევე, თანამდებობა დაკარგა ვიცე-ადმირალმა იგორ ოსიპოვმა, რომელიც მეთაურობდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტს კრეისერ მოსკვას ჩაძირვის დროს.
ბრიტანეთის ცნობით, რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი სავარაუდოდ რჩება თანამდებობაზე, მაგრამ უცნობია, ინარჩუნებს თუ არა ის პრეზიდენტი პუტინის ნდობას.
დაზვერვის განცხადებით, რუსეთის სამხედრო და უსაფრთხოების სისტემაში ალბათ გავრცელებულია “განტევების ვაცის” კულტურა, ამიტომ უკრაინის შეჭრაში ჩართული ბევრი ოფიციალური პირი მეტ ძალისხმევას დახარჯავს, რათა თავიდან აიცილოს პირადი პასუხისმგებლობა ოპერაციის ჩავარდნის გამო.
“ეს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაძაბავს რუსეთის მართვისა და კონტროლის ცენტრალიზებულ მოდელს, რადგან ოფიცრები სულ უფრო მეტად ცდილობენ, გადააბარონ საკვანძო გადაწყვეტილებები თავიანთ უფროსებს. ამ პირობებში რუსეთს გაუჭირდება ინიციატივის დაბრუნება”,– აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.