რუსეთი მზადაა, საქართველოსთან სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნის საკითხი განიხილოს – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ვიდეოკონფერეციის დროს განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, საქართველოსთან სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნის საკითხი განიხილოს, იმ შემთხვევაში, თუ შეთავაზება საქართველოს მხრიდან მოხდება.

“მზად ვიქნებით, აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები, რამდენადაც მისი მოშლის ინიციატორები ჩვენ არ ვყოფილვართ.

ალბათ, უნდა დაველოდოთ იმას, როცა ქართველი კოლეგები ამ საკითხზე მსჯელობას დაიწყებენ. სავაჭრო წარმომადგენლობები ასევე მოიცავს რაღაც ტიპის შეთანხმებების მიღწევასაც”,- თქვა ლავროვმა.

სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოსთან ავიამიმოსვლის საკითხის გადაჭრა მოხდება.

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თბილისში არ გაღვივდეს რუსოფობიური კამპანია და ექსცესები, რომლებიც მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის დროს მოხდა. ამ ყველაფერმა, ცხადია, გვაიძულა, რომ სერიოზულად დავფიქრებულიყავით რუსების უსაფრთხოების პრობლემაზე. თუმცა, შემდეგ ქართული მხარე გვარწმუნებდა, რომ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს”, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა 8 ივლისს შეწყდა, რის მიზეზადაც ოკუპანტმა სახელმწიფომ 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქცია დაასახელა.