რუსეთი საქართველოსთან სარკინიგზო კავშირის მიმოსვლისთვის გზებს ეძებს. აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის პროექტის პარალელურად განიხილება რუსეთ–საქართველოს შორის სარკინიგზო მარშრუტის მშენებლობა ინგუშეთის გავლით.
ეს პროექტი ამ დღეებში რუსულ–ქართული ბიზნეს საბჭოს შეხვედრაზე განიხილეს, რომელიც ინგუშეთში გაიმართა. ინგუშეთის ხელისუფლების პრესრელიზის მიხედვით შეხვედრა ტურიზმს და რუსულ–ქართულ ურთიერთოებებში კულტურულ ფასეულობებს მიეძღვნა. შეხვედრა ინგუშეთის სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობაში გაიმართა და მას როგორც ხელისუფლების, ისე ორივე ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ შორის რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს დელეგაცია. ქართული მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდა რუსეთში ე.წ ქართული დიასპორის ხელმძღვანელი, დავით ცეცხლაძე.
შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარია იმაზე, რომ განიხილეს რუსეთ–საქართველოს შორის ტურისტული ნაკადების გასაზრდელად, კულტურული და და ხალხთა შორის ურთიერთობების გასაფართოებლად საჭირო ნაბიჯები, რომელთა შორის სახელდება სატრანსპორტო ხელმისაწვდომობა.
შეხვედრაზე ინგუშეთის ხელმძღვანელობამ იმედი გამოთქვა, რომ ბიზნეს საბჭოს შეხვედრის შედეგად გადაიდმება ნაბიჯები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გავითარებისთვის. პრესრელიზში მოყვანილია ქართველი სტუმრის ქართული კომპანია თრეველ ჯეოს წარმომადგენლის, ნონა ალფოვისის ციტატაც:
- ნონა ალფოვისი – „თრეველ ჯეოს“ წარმომადგენელი:
- ”ეს შეხვედრა ახალ პერსპექტივებს ქმნის ტურისტული ინდუსტრიის და კულტურული გაცვლის განვითარებისთვის, ასევე ხაზს უსვამს მეგობრული ურთიერთობების გამყარების და მხარდაჭერის მნიშვნელობას”.
რუსული მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მოილაპარაკეს სატრანსპორტო მიმოსვლის ორგანიზებაზე, ახალგაზრდული ფესტივალის ჩატარებაზე, ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციის შექმნასა და კულტურული პროექტების განხორციელებაზე.
ვრცელი ინფორმაციის მხოლოდ ბოლო აბზაცშია საუბარია იმაზე, რომ რუსული და ქართული დელეგაციები ჩავიდნენ ჯეირახის რაიონში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით არის მდიდარი. ვიზიტის დროს კი მოინახულეს ადგილი, სადაც ინგუშეთის გავლით საქართველოს მიმართულებით ახალი რკინიგზის მშენებლობა იწყება.
ინგუშეთის სავაჭრო–სამრეწველო პალატამ რკინიგზის სავარაუდო მარშრუტიც დაასახელა და განაცხადა:
- ინგუშეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა:
- ”პროექტის მიზანია სტაბილური სატრანსპორტო სარკინიგზო კავშირის დამყარება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის მთავარი კავკასიონის ქედის გავლით, სატვირთო და სამგზავრო მიმოსვლის მანძილის შემცირება”.
რუსეთ-საქართველოს შორის ინგუშეთის გავლით სარკინიგზო ხაზის მშენებლობის შესახებ საუბრები ამ წლის სექტემბრიდან აქტიურად დაიწყო რუსულ მედიაში. 19 სექტემბერს ვლადიკავკაზში გამართულ რუსულ–ქართული ბიზნესსაბჭოს შეხვედრაზე განიხილეს რუსეთ–საქართველოს შორის უწყვეტი საბორნე მიმოსვლის აღდგენა მთელი წლის განმავლობაში, ასევე რუსეთ–საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა ინგუშეთის გავლით.
ამის შესახებ რუსეთის სავაჭრო– სამრეწველო პალატის ვიცე–პრეზიდენტმა, ვლადიმირ პადალკომ ამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
- ვლადიმირ პადალკოს განცხადება:
- ”ვისაუბრეთ თურქეთ-საქართველო-რუსეთის საბორნე მიმოსვლაზე საზღვაო სფეროში. ახლა 150 მანქანაზე და 300 მგზავრზე გათვლილი ბორანი ამოქმედდება, რომელიც თითქმის მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს. ეს არ გადაჭრის პრობლემას (საქართველოსთან ლოგისტიკის შესახებ), მაგრამ მაინც დამატებითი შესაძლებლობაა. განვიხილეთ ის საკითხიც, რომ თუ მოვახერხეთ სარკინიგზო კომუნიკაციის აღორძინება, როგორ წავა ის – ახალი მარშრუტებით, რომელსაც ინგუშეთი გვთავაზობს თუ აღვადგენთ ძველ მარშრუტს აფხაზეთის გავლით, რაც დიდი გარღვევა იქნება. სარკინიგზო მიმოსვლის გარეშე მომავალი ვერ წარმოგვიდგენია”.
მაშინ მედია წერდა, რომ ვლადიკავკაზში გამართულ რუსულ–ქართული ბიზნესსაბჭოს შეხვედრაზე გამოიტანეს წინადადება გზის გახსნის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის გავლით.
ამ შეხვედრას ე.წ. ქართული დიასპორის წარმომადგენელი რუსეთში, დავით ცეცხლაძე ესწრებოდა, რომელმაც მაშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეხვედრა ორი ქვეყნისთვის ისტორიულ შედეგებს მოიტანდა.
მანამდე, აგვისტოში დსთ–ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა განაცხადა, რომ მოსკოვი სრულიად რეალურად თვლის აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას.
რუსული მედია ღიად საუბრობს იმაზე, რომ საქართველოსთან ტვირთბრუნვის გაზრდა რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რუსები წუხან, რომ საქართველოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი სახმელეთო გზა ზემო ლარსის გზაა. ალტერნატიული სატრანზიტო მარშრუტების გახსნის წინადადებებით მოსკოვი და მის მოკავშირეები პერიოდულად გამოდიან.
რუსულ მედიაში წერენ, რომ ქართული მხარე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე თანხმობას სავარაუდოდ ვერ იტყვის, შესაბამისად, რუსულმა მხარემ აქცენტი ალტერნატიულ მარშრუტზე – ინგუშეთზე გადაიტანა.
საქართველოს ხელისუფლებას ამ ინიციატივებზე კომენტარი არ გაუკეთებია.