აშშ-ს დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატის ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მრჩეველის, მაიკლ კარპენტერის თქმით, რუსეთი საქართველოს ისევ უყურებს, როგორც ვასალ ქვეყანას. მისივე თქმით, კრემლს საქართველოს საზოგადოების მიმართ დამცინავი დამოკიდებულება აქვს.
“რუსეთი საქართველოს ისევ უყურებს, როგორც ვასალ ქვეყანას. კრემლი ფიქრობს, რომ საქართველო არ უნდა გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. კრემლს საქართველოს საზოგადოების მიმართ დამცინავი დამოკიდებულება აქვს ისეთი, თითქოს საქართველო ვერ ხედავს იმას, რომ რუსეთი აგრძელებს ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაციას. მაგრამ ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ვნახეთ როგორ გამოხატავს ქართველი ხალხი საკუთარ აზრს, რას ფიქრობს რუსეთის ოკუპაციაზე და იმაზე, რომ კრემლი მათ როგორც კოლონიას, ისე უყურებს. არ მგონია კრემლს გასული წლიდან გაკვეთილები ესწავლა. რუსეთის მთავრობამ უნდა გააცნობიეროს ის, რომ მათ გარშემო მცხოვრებ ქვეყნებს სურთ იყვნენ დამოუკიდებლები, სუვერენულები და თვითონ მიიღონ საკუთარ მომავალთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. რაც მალე გააცნობიერებს კრემლი ამას, მით უკეთესი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამის იმედი მაქვს”,- განაცხადა კარპენტერმა “ამერიკის ხმასთან ინტერვიუში”.
მან გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზეც ისაუბრა და თქვა, რომ “სამწუხაროდ, კრემლს საკუთარი ქვეყნის გარეთ ადამიანების მოკვლის მცდელობის დიდი გამოცდილება აქვს”.
კარპენტერი აღნიშნავს, რომ უნდა ვიზეიმოთ, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გადამჭრელად იმოქმედა და ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეძლო.
“პირველ რიგში, საქართველოს უშიშროების სამსახურები მინდა შევაქო იმ არაჩვეულებრივი საქმისთვის, რომლითაც მათ ამ მკვლელობის პრევენცია შეძლეს. რამდენადაც მე მესმის, მათ დააკავეს არა მხოლოდ ეს პირი, არამედ მისი ქსელის წევრებიც. მეორე საკითხი სპეკულაციებია, რომ ამ ადამიანს კავშირები აქვს რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ პირებთან. ამ ეტაპზე, ეს მხოლოდ სპეკულაციებია და მტკიცებულება ჯერ არ არსებობს.
სამწუხაროდ, კრემლს საკუთარი ქვეყნის გარეთ ადამიანების მოკვლის მცდელობის დიდი გამოცდილება აქვს. ამ შემთხვევაში უნდა ვიზეიმოთ ის, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გადამჭრელად იმოქმედა და ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეძლო. ჩანს, რომ დაზვერვა კარგად მუშაობს”,– ამბობს კარპენტერი.
მისივე განმარტებით, მკვლელობა რომ მომხდარიყო, საქართველოსთვის უდიდეს დესტაბილიზაციას გამოიწვევდა.