რუსეთი საქართველოს რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვას თვალს მიადევნებს – პუტინის ახალი ბრძანება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაამტკიცა საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია. შესაბამისი ბრძანება  და კონცეფციის ტექსტი სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ვებ-საიტზე გამოქვეყნდა.

  • „რუსეთის ფედერაცია საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს საკუთარი უფლებების განხორციელებაში, მათი ინტერესების დაცვისა და სრულიად რუსული კულტურული იდენტობის შენარჩუნებაში მხარს უჭერს“, – ნათქვამია კონცეფციის ტექსტში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოსკოვის ჰუმანიტარული პოლიტიკის პრიორიტეტი საზღვარგარეთ, დსთ-ს ქვეყნებთან და ოკუპირებულ – აფხაზეთთან, ცხინვალის რეგიონთან, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკებთან თანამშრომლობის გაფართოება იქნება.

ლატვიასთან, ლიეტუვასთან, ესტონეთთან, საქართველოსა და მოლდოვასთან ურთიერთობისას გათვალისწინებული იქნება ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა.