უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ ყირიმის განთავისუფლება დროის საკითხია და რუსეთი მას დატოვებს, როგორც კი ყირიმი უკრაინის სრულ საცეცხლე კონტროლქვეშ მოექცევა.
“თუ ჩვენ გავათავისუფლებთ ლუგანსკის, დონეცკის ან ზაპოროჟიეს რეგიონების ტერიტორიას, მაშინ ყირიმი უკრაინის სრული საცეცხლე კონტროლის ქვეშ მოხვდება. მე არ მესმის, რას გააკეთებენ იქ რუსები. ისინი მიხვდებიან, რომ უნდა გაიქცნენ, იმიტომ, რომ რუსეთი უკვე მზად არის გაქცევისთვის. უბრალოდ, ისინი ჯერ არ გამოსულან ტოტალური ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მდგომარეობიდან. მერე გამოვლენ, მიმოიხედავენ და მიხვდებიან: ან გაიქცევი, ან მოკვდები.
არ არის აუცილებელი, რომ ჩვენმა შვილებმა, რომლებიც დღეს ბომბშესაფრებში სხედან, 3-5 წელიწადში კიდევ ახალი ფასი გადაიხადონ, რომ სახელმწიფოს არსებობის უფლებისთვის დაიღუპონ. ამიტომ, ჩვენ დღეს გავაფორმეთ ასეთი „კონტრაქტი“ – ან დღეს ჩვენ ბოლომდე მივალთ და მერე ჩვენი შვილები ცხოვრობენ მაგარ ქვეყანაში, ან სხვა ადგილი უნდა ვეძებოთ საცხოვრებლად, რადგან უკრაინა არ იქნება“ – განაცხადა პოდოლიაკმა.