რუსეთი უკრაინას შავ ზღვაში განლაგებული ოთხი წყალქვეშა ნავიდან ბომბავს – The Times

რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტი ფლაგმანი კრეისერის, “მოსკოვის“ ჩაძირვის შემდეგ უფრო ფრთხილად მოქმედებს.  რუსეთი მინიმუმ ოთხ წყალქვეშა ნავს იყენებს უკრაინის ტერიტორიაზე რაკეტების გასაშვებად. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Times სამხედრო ექსპერტებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კრეისერ “მოსკოვის“ განადგურების შემდეგ რუსეთმა შავ ზღვაში მინიმუმ ოთხი წყალქვეშა ნავი განათავსა. მათ შეუძლიათ რაკეტები 50 მეტრის სიღრმიდანაც გაუშვან, ამიტომ საფრთხე ძნელად შესამჩნევია თანამგზავრებიდანაც კი. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ეს წყალქვეშა ნავები რეგულარულად ივსებენ მარაგებს რუსულ პორტებში.

საინფორმაციო მდგრადობის ცენტრის მკვლევარი, ბენჯამინ პიტეტი და სამხედრო ანალიტიკოსი, სატონი ამბობენ, რომ შენიშნეს არაპირდაპირი მტკიცებულებები იმის დასტურად, რომ წყალქვეშა ნავებმა შეტევა მიიტანეს უკრაინელი სამხედროების სახმელეთო პოზიციებზე და ომში უკვე ითამაშეს საკვანძო როლი.

“კილო“–ს კლასის წყალქვეშა ნავები საკმაოდ პატარა ზომისაა, თუმცა შეიარაღებულია ძლიერი ფრთოსანი რაკეტა “კალიბრებით“, რომელთა ფრენის სიშორე 2 ათას კილომეტრამდეა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხშირად ტრაბახობს, რომ უკრაინის ტერიტორია რაკეტებით დაბომბა, რომლებიც შავი ზღვის ფლოტის ხომალდებიდან გაუშვეს, თუმცა ინფორმაცი წყალქვეშა ნავების გამოყენების შესახებ ნაკლებად ჟღერდება. მათი განლაგება სტრატეგიული მოსაზრებებით გასაიდუმლოებულია. სატონი აღნიშნავს, რომ წყალქვეშ ამ ნავების დისტანციურად აღმოჩენა შეუძლებელია, თუმცა სპეციალური პროგრამით რუსეთის პორტებში მათი დანახვა შესაძლებელია.

“აღსანიშნავია, რომ წყალქვეშა ნავებზე “კალიბრი“ უშუალოდ უკრაინაში შეჭრის წინ ჩაიტვირთა. და მას შემდეგ რამდენჯერმე ვნახეთ მათი ჩატვირთვის პროცესი“–ამბობს ექსპერტი.

მან დაინახა იმის ნიშნები, რომ რუსული სამხედრო ხომალდები “მოსკოვის“ ჩაძირვის შემდეგ “ნაკლებად თავხედურად“ იქცევიან. რუსული ხომალდები კვლავ უშვებენ “კალიბრებს“ სევასტოპოლის სიახლოვეს, თუმცა ცდილობენ რაც შეიძლება მაქსიმალურად დისტანცირდნენ რაკეტების ფრენის ადგილიდან და ამოცანები საპასუხოდ დარტყმის ნაკლები რისკით შეასრულონ– ამბობს ექსპერტი.