რუსეთი ფინეთსა და შვედეთს ფინეთის ყურეში ბირთვული იარაღის განთავსებით ემუქრება

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი გააძლიერებს უსაფრთხოებას დასავლეთის საზღვრებთან, თუ შვედეთი და ფინეთი შეუერთდებიან NATO-s.

“თუ შვედეთი და ფინეთი შეუერთდებიან ნატოს, ალიანსის სახმელეთო საზღვრის სიგრძე რუსეთთან გაორმაგდება. ბუნებრივია, საჭირო იქნება ამ საზღვრების გაძლიერება”, – განაცხადა მან.

მედვედევმა განმარტა, რომ საჭირო იქნება სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება და მნიშვნელოვანი საზღვაო ძალების განლაგება ფინეთის ყურეში.

“თუ ეს ასე იქნება, აღარ შეგვეძლება საუბარი ბალტიის არაბირთვულ სტატუსზე – ბალანსი უნდა აღდგეს“, – აღნიშნა რუსმა მაღალჩინოსანმა.

მისივე მტკიცებით, დღემდე რუსეთს არ მიუღია მსგავსი ზომები და არც აპირებდა ამის გაკეთებას, მაგრამ ახლა იძულებული ხდება.

მედვედევი იმედოვნებს, რომ ამ ქვეყნებში “საღი აზრი გაიმარჯვებს”, რადგან “არავის სურს უფრო მაღალი ფასები და გადასახადები, საზღვრების გასწვრივ დაძაბულობის გაზრდა, ისკანდერები, ჰიპერბგერითი იარაღი ან გემები, რომლებსაც ატომური იარაღი აქვთ სახლთან ახლოს”.

ცნობისთვის, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილებას უახლოეს რამდენიმე კვირაში მიიღებენ. არსებული ინფორმაციით, შვედეთი და ფინეთი ალიანსს შესაძლოა ამ ზაფხულს შეუერთდნენ. NATO მზად არის მათ მისაღებად.