უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ “რუსეთი შიმშილს იარაღად იყენებს”.
მისი თქმით, ოკუპანტები ანადგურებენ საწვავის შესანახ ადგილებს, პროდუქციის სადისტრიბუციო ცენტრებს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასა და მინდვრებს.
გარდა ამისა, ზელენსკის ცნობით, რუსეთმა დაბლოკა ყველა საზღვაო პორტი გემებთან ერთად, რომლებიც დატვირთული იყო საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით.
“რატომ აკეთებენ ამას? მათთვის შიმშილი არის იარაღი ჩვენს წინააღმდეგ, უბრალო ადამიანების წინააღმდეგ, როგორც დომინირების ინსტრუმენტი”,– თქვა ზელენსკიმ ირლანდიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მანვე აღნიშნა, რომ უკრაინა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია სოფლის მეურნეობისა და სურსათის სფეროში, რუსეთის ქმედებები კი გამოიწვევს საკვების დეფიციტს და გაზრდის ხარჯებს მილიონობით მშიერი ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში.