ჩეჩნეთში რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, ნიკოლაი პატრუშევის ვიზიტი შედგა, რომლის დროსაც რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილი რუსეთის გეგმებზე სპეციალურ თათბირზე ისაუბრეს. ინგუშეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა, ვლადიმირ სლასტენინმა თათბირზე ჩეჩნეთიდან საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის პროექტზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით სანქციების პირობებში მნიშვნელოვანია უცხოეთის ქვეყნებთან ტვირთბრუნვის გაზრდისთვის:
“სანქციების გამო შექმნილ სიტუაციაში და ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში აუცილებელია მთავრობის აწყობილი მუშაობა მეზობელ ქვეყნებთან კონტაქტების ასაწყობად საქონელბრუნვის გაზრდისთვის მათი ტერიტორიებიდან. ჩეჩნეთის რესპუბლიკა უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს სამხრეთ საზღვრებზე სასაზღვრო გადასასვლის მოსაწყობად საქართველოსთან. ამ საკითხზე დიდ პრესკონფერენციაზე ბატონმა პუტინმაც ილაპარაკა 2019 წელს და თქვა, რომ ეს კარგი იდეაა, მაგრამ ჯერჯერობით ტრანსპორტის სამინისტროს პრაქტიკულ გეგმებში არ ფიგურირებს, თუმცა მისი განხორციელების მიზანშეწონილობა ნამდვილად არსებობს. გზის მშენებლობა ჯერ კიდევ 90–იანებში დაიწყო, თუმცა საბრძოლო მოქმედებების დაწყების გამო შეწყდა. ჩეჩნეთისდან საქართველოსკენ გზის მშენებლობას ძალიან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რუსეთის ფედერაციისთვის. ის უზრუნველყოფს დამოუკიდებელ გასასვლელს უცხოეთის ქვეყნებში –საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი, რომლებსაც განვითარებული სატრანსპორტო კავშირი აქვთ ზღვით და რკინიგზით. ჩვენი სახელმწიფოს რთული მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალურია. ვისურვებდი ეს საკითხი უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილოთ.“– უთხრა მან პატრუშევს. პატრუშევის თქმით, ეს საკითხი გადაწყვეტილების პროექტში უნდა შეიტანონ და ფორმულირებები ჩამოაყალიბონ.