“რუსეთი ცდილობს, სამხედრო მარცხი, რომელსაც განიცდის ბრძოლის ველზე, სამოქალაქოებზე გადაიტანოს” – ასე აფასებს, ანალიტიკოსი ზურა ბატიაშვილი რუსეთის მიერ უკრაინული ქალაქების დაბომბვას.
„რეალურად ეს არის ტერორისტული აქტი და იმის ნათელი მაგალითი, რომ რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც ცდილობს ის სამხედრო მარცხი, რომელსაც განიცდის ბრძოლის ველზე, გადაიტანოს სამოქალაქოებზე და მათში დათესოს შიში და პანიკა იმ მიზნით, რომ იქნებ რამენაირად უკრაინა გატყდეს და იქნებ საკუთარმა მოსახლეობამ აიძულოს ხელისუფლება, რომ ამ შიშისა და პანიკის დათესვის ფონზე დაითანხმოს ე.წ. სამშვიდობო შეთანხმებაზე, რაც რეალურად გულისხმობს საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას. რუსეთი ამით ცდილობს თავისი სიტუაციის გადარჩენას.
რუსეთს ეს არ გამოუვა, რადგან უკრაინამ არაერთხელ აჩვენა, რომ ის არ აპირებს შეეგუოს ოკუპაციას, არავის ეშინია, პირიქით, ამის შემდეგ უფრო მეტი შემართებით იბრძოლებენ უკრაინელები და კიდევ უფრო მეტ შეიარაღებას მიაწვდის დასავლეთი უკრაინას იმ მიზნით, რომ მათ საკუთარი ქვეყანა დაიცვან.
განსხვავებით დღეს დაბომბილი სამოქალაქო ობიექტებისა, ყირიმის ხიდი არის სამხედრო ობიექტი და მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, საიდანაც მიეწოდებოდა შეიარაღება, ტყვია-წამალი, რაკეტები და სხვა აღჭურვილობა რუსეთის ოკუპანტ ჯარს სამხრეთის მიმართულებაზე“, – განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.