რუსეთი ჯერ კიდევ აპრილში მიხვდა, რომ უკრაინის დაპყრობის იდეა ჩავარდა– ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთის უკრაინაში სრულმაშტაბიანი შეჭრის 6 თვის თავზე ოკუპანტებმა ვერ მოახერხეს დასახული მიზნების მიღწევა. ჯერ კიდევ აპრილში რუსეთის ხელისუფლება უფრო მოკრძალებულ მიზნებზე გადაერთო უკრაინის სამხრეთით, რადგან მიხვდა, რომ მთელი ქვეყნის დაპყრობის იდეა ჩავარდა. ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშშია საუბარი.

“დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის 31 წლისთავია. 2014 წლიდან დიქტატორი პუტინი ცდილობს ძალისა და დიპლომატიური იძულების გამოყენებით უკრაინაზე რუსეთის გავლენა გააძლიეროს და გაამყაროს და მის სუვერენიტეტში ერევა“– ნათქვამია ანგარიშში.

ექვსი თვის წინ რუსეთის მთავარი მიზანი იყო მთავრობის დამხობა და ქვეყნის დიდი ნაწილის ოკუპაცია. თუმცა, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ რუსეთის მეთაურობამ ამ მიზანზე უარი თქვა:

“აპრილში რუსეთის ლიდერები მიხვდნენ, რომ ეს არ გამოვიდა და უფრო მოკრძალებულ მიზნებზე გადაერთნენ უკრაინის სამხრეთით. დონბასზე შეტევა მინიმალურ პროგრესს აღწევს, და რუსეთს უკრაინაში დიდი კონტრშეტევა ელოდება. ოკუპანტები დემორალიზებულნი არიან და დიდი დანაკარგები აქვთ. ოპერატიული თვალსაზრისით რუსეთს საბრძოლო მასალების, ტექნიკის და პერსონალის პრობლემა აქვს“–ნათქვამია ანგარიშში.

გარდა ამისა, რუსეთს მძიმე ეკონომიკური ვარდნა აქვს.

“მისი დიპლომატიური ძალაუფლება შემცირდა, მისი ეკონომიკური პერსპექტივა კი ბუნდოვანია. ომის ექვსი თვე რუსეთისთვის მეტისმეტად ძვირი და სტრატეგიულად მავნებელი აღმოჩნდა“– თვლის ბრიტანული დაზვერვა.