რუსეთი Bloomberg–მა და CNN-მა დატოვეს

საინფორმაციო სააგენტო Bloomberg რუსეთში მუშაობას წყვეტს. მიზეზი დუმის მიერ მიღებული და პუტინის მიერ სასწრაფოდ ხელმოწერილი კანონია რუსეთ–უკრაინის ომზე “ფეიკების“ გავრცელების შესახებ, რაც 15 წლამდე პატიმრობით დასჯადი გახდა.

“ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში სავარაუდოდ იმისთვის შეიქმნა, რომ ნებისმიერი დამოუკიდებელი რეპორტიორი ამ ქვეყანაში ეგრევე დამნაშავედ აქციონ. ეს შეუძლებელს ხდის ამ ქვეყანაში ნორმალური ჟურნალისტიკის მსგავსი საქმიანობის გაგრძელებას“– ნათქვამია მთავარი რედაქტორის, ჯონ მიკელტვეიტის განცხადებაში.

რუსეთში მუშაობა შეწყვიტა ამერიკულმა ტელეკომპანია CNN-მაც. მანაც სხვა უცხოური მედიის მსგავსად განაცხადა, რომ ეს არის რეაქცია რუსეთის ხელისუფლების მიერ შემოღებულ კანონზე, რომელმაც უკრაინაში რუსეთის ომის დამოუკიდებელი გაშუქება აკრძალა.

“CNN რუსეთში მაუწყებლობას წყვეტს. ვაგრძელებთ სიტუაციის შეფასებას და ვფიქრობთ შემდგომ ნაბიჯებზე“– განაცხადა პარასკევს კომპანიის პრესსამსახურმა.

მანამდე რუსეთში მუშაობის შეწყვეტის შესახებ განაცხადეს BBC–მ და კანადურმა სამაუწყებლო კორპორაცია CBC-მა.

დუმის მიერ მიღებული კანონით რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია ციხეში ჩასვას ნებისმიერი ჟურნალისტი, თუ ჩათვლის, რომ ის რუსული არმიის მოქმედებების შესახებ “ფეიკს“ ავრცელებს.