რუსეთმა აშკარად შეამცირა სარაკეტო დარტყმების და დრონებით შეტევის ტემპი უკრაინაში–ISW

ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტის, ISW–ს ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთმა დაიწყო უკრაინის მიერ  “ბინძური ბომბის“ აფეთქების მზადების საინფორმაციო ოპერაციის ინტენსიფიკაცია. ინსტიტუტის ექსპერტები რუსი გენერლების სატელეფონო ზარებს დასავლურ თავდაცვის უწყებებში და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრიფინგს ამ საინფორმაციო ოპერაციის ნაწილად თვლიან. ანალიტიკური ცენტრი რუსულ ოპერაციას “ცრუ დროშით“ ახლო მომავალში ნაკლებ სავარაუდოდ თვლის, თუმცა მიზეზებზე არ საუბრობს. გუშინ მიზეზებს შორის სახელდებოდა ის, რომ რუსეთისთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ასეთ დაუსაბუთებელ ბრალდებებს ისვრის, სამხედრო თვალსაზრისით კი რუსეთისთვის ასეთი ბომბის სროლა არამომგებიანია.

ISW–ს დღევანდელ ანალიზში რამდენიმე აქცენტია:

ორშაბათს რუსული ავია–სარაკეტო და დრონებით შეტევები უკრაინის ზურგში ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე წინა დღეებში. რუსებმა სულ ორი რაკეტა გაუშვეს. ანალიტიკოსები ასკვნიან, რომ რუსებს მარაგები უთავდებათ, ამასთან, ასეთი დარტყმების ეფექტურობა შეზღუდულია.

რუსეთის შეიარაღებული ძალები რასიზმით არის გაჟღენთილი, რამაც შეიძლება რუსულ არმიაში ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებები გამოიწვიოს.

რუსეთი ჯერჯერობით არ გეგმავს ჯარების ევაკუაციას  ხერსონიდან და მის დასაცავად ემზადება.