რუსეთმა დასავლეთს შესთავაზა გაყინული აქტივების “გაცვლა”: დასავლურ კომპანიებს, რომლებსაც არ შეუძლიათ კაპიტალის გატანა რუსეთის ფედერაციიდან, კრემლი დასავლეთის მიერ სანქციების ქვეშ გაყინული რუსული აქტივების აღებას სთავაზობს. ამის შესახებ Financial Times იტყობინება.
წინადადების მიხედვით, რომელიც რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა გააჟღერა, მოსკოვი დაინტერესებულ დასავლელ ინვესტორებს ნებას მისცემს „შეიძინონ“ გაყინული რუსული აქტივები დასავლეთში, საფასური კი „გადაიხადონ“ რუსეთში ჩარჩენილი აქტივებით.
ამრიგად, მათ სურთ 1,1 მილიარდი დოლარის გაცვლა, რომელიც ძირითადად მცირე ინვესტორებს ეკუთვნის და რუსული ჰოლდინგების მიერ დასავლეთში განხორციელებული ინვესტიციებია. სილუანოვის თქმით, დანარჩენი დეტალები გაირკვევა შესაბამისი განკარგულებით, რომელსაც ხელს ვლადიმერ პუტინი მოაწერს.
რუსეთის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ გაცვლა “ნებაყოფლობითი” იქნება და რუსეთში დასავლური აქტივების იძულებითი ექსპროპრიაცია არ მოხდება.
„მაგრამ ნებისმიერი პოტენციური გარიგება გართულდება დასავლელი ინვესტორებისთვის სამართლებრივი და კანონმდებლობის დაცვასთან დაკავშირებული სირთულეებით რუსეთში საკუთარი აქტივების განკარგვისას.“ – წერს FT რუსული წინადადების დეტალების შესახებ წყაროზე დაყრდნობით.
დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს Financial Times-ს, რომ მათ არ იცოდნენ შეთავაზების შესახებ და რომ აქტივების პოტენციურ გაცვლაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობდა. ერთმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა დასძინა, რომ ისინი ხედავენ მცირე შესაძლებლობებს ამგვარ შეთანხმებაზე დეტალური მოლაპარაკებებისთვის.
გამოცემას ეჭვი ეპარება, რომ დასავლეთის მთავრობები დათანხმდებიან ნებისმიერ შეთანხმებას, რომელიც უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ გაყინულ რუსულ აქტივებს აიგივებს რუსეთში მდებარე დასავლურ აქტივებთან, რომლის კონფისკაციასაც ისინი უკანონოდ მიიჩნევენ.
გაყინული რუსული აქტივები დასავლეთში
FT-ის შეფასებით, სანქციების გამო თითქმის 200 მილიარდი ევროს რუსული აქტივები მსოფლიოს უდიდეს საკლირინგო სახლში, Euroclear-შია გაყინული. აქედან 180 მილიარდი რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვებია.
ახლა დასავლეთი ეძებს გზებს, რათა ლეგალურად გამოიყენოს ეს აქტივები უკრაინის ფინანსური დახმარებისთვის. თუმცა, არსებობს სერიოზული შეშფოთება, რომ ეს ნაბიჯი კრემლის პროვოცირებას მოახდენს რუსეთში დასავლური აქტივების ექსპროპრიაციისკენ, რომლებიც ჯერ კიდევ იქ რჩება. ამ წლის დასაწყისში მსგავსი ექსპროპრიაციები უკვე შეეხო გერმანული და ფინური ენერგეტიკული კომპანიების Uniper-ისა და Fortum-ის, ასევე ფრანგული რძის გიგანტის Danone-სა და დანიის ლუდის მწარმოებელ Carlsberg-ის აქტივებს.