რუსეთმა და ირანმა ხელი მოაწერეს ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას. რა დოკუმენტია ეს და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება მოსკოვსა და თეირანს შორის დაიდო ვლადიმირ პუტინსა და მასუდ პეზეშკიანის კრემლში გამართული მოლაპარაკებების შედეგად. მხარეებმა აღიარეს, რომ „ამაზე დიდი ხანია მუშაობდნენ“, ცდილობდნენ „შეცდომებისა და შეფერხებების აღმოფხვრას“, თუმცა ახლა, მათი თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები „დამატებით იმპულსს“ მიიღებს.

რას ითვალისწინებს ეს დოკუმენტი?

დოკუმენტის შინაარსი წინასწარ არ გამოქვეყნებულა, თუმცა რუსი და ირანელი ოფიციალური პირების განცხადებებიდან გარკვეული დასკვნების გამოტანა შეიძლება. ყველასთვის ნათელია, რომ რუსეთ-ირანის თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი შეიარაღების ორმხრივი მიწოდებაა.

რა ითქვა ხელშეკრულებაზე მოსკოვში?

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, „РИА Новости“-სთან ინტერვიუში ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობაზე. მისი თქმით, ხელშეკრულებაში „განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რეგიონულ და გლობალურ დონეზე მშვიდობისა და უსაფრთხოების ინტერესების გაძლიერებას, ასევე, დაფიქსირებულია მოსკოვისა და თეირანის სურვილი უსაფრთხოების, თავდაცვის, ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, სხვა საერთო გამოწვევებისა და საფრთხეების წინააღმდეგ უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ“.

ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, აღნიშნა, რომ შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობის ყველა სფეროს: სამხედრო-პოლიტიკური მიმართულებიდან  კულტურულ-ჰუმანიტარულ სფერომდე.

ამასთან, პესკოვმა განაცხადა, რომ ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღი არანაირად არ უკავშირდება აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციას, რომელიც 20 იანვარს გაიმართება. მედიამ ყურადღება მიაქცია ირანის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტის სწრაფ ტემპს ტრამპის უფლებამოსილების ვადის დაწყებამდე და აღნიშნა, რომ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ირანთან ომის ალბათობა არ გამოურიცხავს.

პესკოვმა IRNA-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის დაკავშირება იმ დოკუმენტის ორწლიანი დეტალური მუშაობის ლოგიკურ დასასრულთან, რომელიც რუსეთ-ირანის ურთიერთობებს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აიყვანს“, ნაკლებად მიზანშეწონილია.

რა ითქვა შეთანხმებაზე თეირანში?

ირანის ხელისუფლებამ ბოლო კვირებში ხელშეკრულების ცალკეული მუხლების შესახებ არაერთხელ ისაუბრა. ირანელი ოფიციალური პირების განცხადებით, მასში სულ 47 მუხლი შედის, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ყველა სფეროს მოიცავს. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაქჩიმ, აღნიშნა, რომ საუბარი არ არის სამხედრო კავშირის გაფორმებაზე. ეს შეთანხმება, მაგალითად, განსხვავებულია რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეასთან გაფორმებული ხელშეკრულებისგან.

არაქჩიმ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებაში არ არის საუბარი არც სამხედრო კავშირზე და არც კონკრეტულ მიზნებზე. მისი თქმით, შეთანხმების მთავარი მიზანი — „გრძელვადიანი პერსპექტივის მიცემაა“ ქვეყნებს შორის ურთიერთობებისთვის.

ასევე, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელშეკრულება „დაფუძნებულია ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე“ და „არ არის მიმართული რომელიმე მესამე მხარის წინააღმდეგ“.

ირანის ელჩმა მოსკოვში, ყაზემ ჯალალიმ, „ТАСС“-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ხელშეკრულება არ მოიცავს მუხლებს ორმხრივი თავდაცვის შესახებ, რაც განსხვავდება რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეასთან და ბელარუსთან გაფორმებული შეთანხმებებისგან.

ამავდროულად, რუსეთმა და ირანმა ხელშეკრულებაში ჩართეს მუხლი, რომელიც კრძალავს მხარეების მიერ მესამე ქვეყნებისა თუ ორგანიზაციების მხარდაჭერას ხელშეკრულების მონაწილეებზე თავდასხმის დროს და ასევე კრძალავს მათი ტერიტორიის ამ მიზნებისთვის გამოყენებას.

Middle East Eye-ის წყაროების ინფორმაციით თეირანში, ირანი არ აპირებს აღიაროს ყირიმი და უკრაინის სხვა ოკუპირებული ტერიტორიები. ამ მკაცრი პოზიციის ერთ-ერთი მიზეზი ირანის საკუთარი სადავო ტერიტორიებია — კუნძულები სპარსეთის ყურეში, რომელზეც არაბთა გაერთიანებული საემიროები აცხადებს პრეტენზიას.