რუსეთის მიერ ანექსირებული დონეცკის სასამართლომ ქართველ ბლოგერს, დომენიკ მანგოს (კუკური ბარამიძე) 7 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.
როგორც რუსეთის პროკურატურის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, იგი დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებული მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში). სასამართლომ დაადგინა, რომ ბარამიძე 2022 წლის მარტიდან აპრილამდე მონაწილეობდა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, როგორც დაქირავებული ჯარისკაცი, ქართული ეროვნული ლეგიონის მიერ.
“სასამართლომ დაადგინა, რომ 2022 წლის მარტიდან აპრილამდე ბარამიძე მონაწილეობდა შეიარაღებულ კონფლიქტში, როგორც დაქირავებული ქართულ ეროვნულ ლეგიონში. მან გაიარა სამხედრო მომზადება კიევში მდებარე სასწავლო ბაზებზე, სადაც შეიძინა საბრძოლო იარაღის მართვის უნარები, შეისწავლა შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობისთვის აუცილებელი სტრატეგია, ტაქტიკა და მოქმედების მეთოდები. ბარამიძეს გადაეცა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფორმა და სპეციალური ტექნიკა, რის შემდეგაც მან მონაწილეობა მიიღო სამხედრო ოპერაციებში დნრ-ის უშიშროების წარმომადგენლებისა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ. ამ ქმედებებისთვის მან გასამრჯელოდ მიიღო 310 ათას რუბლზე მეტი“, – ნათქვამია რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.