რუსეთმა ლატვიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა

დღეს დილიდან გაზპრომმა ლატვიაში გაზის მიწოდება შეწყვიტა.

მანამდე გაზპრომმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა პოლონეთს, ბულგარეთს, ფინეთს, დანიას და ნიდერლანდებს მას შემდეგ, რაც მათ რუსეთის პრეზიდენტის მოთხოვნის მიუხედავად უარი თქვეს გაზის საფასური რუბლებში გადაეხადათ.

რუსეთმა ასევე შეწყვიტა გაზის მიყიდვა კომპანია  Shell Energy Europe–სთვის გერმანიაში.

გაზპრომის განცხადებაში ნათქვამია, რომ ლატვიაში გაზის მიწოდება ივლისის განაცხადის ფარგლებში შეწყვეტილია “გაზის შერჩევის პირობების დარღვევასთან დაკავშირებით“. კონკრეტულად რა დარღევევებზეა საუბარი, კომპანია არ აკონკრეტებს.

ცოტა ხნის წინ ლატვიურმა ენერგეტიკულმა კომპანიამ Latvijas Gaze განაცხადა, რომ განაგრძობს რუსული გაზის შესყიდვას და მის საფასურს ევროში იხდის.

ლატვიის გაზის ტრანსპორტირების ოპერატორმა,  Conexus–მა დაადასტურა, რომ 30 ივლისიდან მათ გაზის მიწოდება შეუწყდათ.

ოთხშაბათს გაზპრომმა მკვეთრად შეამცირა გაზის მიწოდება ევროპაში გაზსადენ “ჩრდილოეთ ნაკადით“ და ეს პროფილაქტიკური სამუშაოების აუცილებლობით ახსნა. ევროპული ქვეყნები ამტკიცებენ, რომ მოსკოვი ენერგომატარებლების მიწოდებას შანტაჟის ინსტრუმენტად იყენებეს.

ამ კვირაში ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ზამთარში  გაზის ხარჯვას 15%–ით შეამცირებენ, რათა დაგროვილი მარაგები დაზოგონ იმ გათვლით, რომ ზამთარში რუსეთიდან გაზის მიწოდება შეიძლება სრულად შეწყდეს.