რუსეთმა ნავალნის დაღუპვის გარემოებების შესახებ ყველა სერიოზულ კითხვას უნდა უპასუხოს! – სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთმა მისი დაღუპვის გარემოებების შესახებ ყველა სერიოზულ კითხვას უნდა უპასუხოს.

”ნავალნის სიკვდილის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო ღრმად დამწუხრებული და შეშფოთებული ვარ. ჩვენ ყველა ფაქტი უნდა დავადგინოთ და რუსეთმა მისი დაღუპვის გარემოებების შესახებ ყველა სერიოზულ კითხვას უნდა უპასუხოს”. – ამბობს სტოლტენბერგი.

ცნობისთვის, დღეს 16 თებერვალს, რუსეთის აღსრულების ფედერალური სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალექსეი ნავალნი საპატიმროში გარდაიცვალა.

  • “16.02.2024 წელს N3 გამოსასწორებელ კოლონიაში პატიმარმა ნავალნი ა.ა.-მ გასეირნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, ფაქტობრივად, პირდაპირ დაკარგა გონება”. – ნათქვამია რუსეთის აღსრულების ფედერალური სამსახურის განცხადებაში

კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ  ნავალნის სიკვდილის შესახებ, უკვე აცნობეს პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს. “რამდენადაც ვიცი ფედერალური პენიტენციური სამსახური ყველა მოქმედი წესის დაცვით არკვევს მომხდარის დეტალებს. საქმე არ საჭიროებს განსაკუთრებულ მითითებებს, ვინაიდან ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს განსაზღვრული წესები. არ ვიცი სიკვდილის მიზეზი, მედიკოსებმა უნდა დაადგინონ”. – ამბობს პესკოვი.

ალექსეი ნავალნი 2021 წლის იანვარში დააკავეს. ნავალნი ბოლოს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში იხდიდა სასჯელს. სოფელი ხარპი, სადაც კოლონიაა განთავსებული, ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.