“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ეხმიანება ზაზა გახელაძის გათავისუფლებას და ამბობს, რომ რუსეთმა ქართულ ოცნებას “მაშველი რგოლი” გადმოუგდო საერთაშორისო მეგობრების მწვავე კრიტიკის პარალელურად.
ჯაფარიძის აზრით, კრემლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ოცნებამ ხელისუფლება შეინარჩუნოს.
“გახელაძის ამბავს მინდა შევეხო. ცხადია, სასიხარულო ამბავია და ვულოცავთ ზაზასაც და მის ოჯახსაც. თუ რამეს აჩვენებს ეს ამბავი და მათ შორის, მთავრობის განცხადებები, აჩვენებს იმას, რამდენად სინქრონში მუშაობენ რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად. კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რომ ოცნება იყოს აქ ხელისუფლებაში. ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს არის დამთხვევა.
კრიზისულ სიტუაციაში, როდესაც ამ ხელისუფლების რეპუტაცია კიდევ ერთხელ დავიდა პლიტუსის დონეზე, მაშინ როდესაც ჩვენი დასავლელი მეგობრებისგან ყოველდღიურ რეჟიმში ისმის მათი კრიტიკა, მათ შორის დღესაც დაიდო 2 განცხადება, აშშ–ს ცალკე და ევროპის ქვეყნების ერთობლივი განცხადება, გუშინ იყო კიდევ ევროკავშირის განცხადება ცალკე, სადაც პირდაპირ წერია, რომ ხელისუფლება გავიდა შარლ მიშელის შეთანხმებიდან.
მოკლედ, ბოლო დღეებში ყველა მიმართულებით ნეგატივი ჰქონდა ხელისუფლებას და როგორც მაშველი რგოლი ისე გადმოუგდეს რუსებმა გახელაძის გათავისუფლება. ეს მინდა, რომ გასაგები იყოს ყველესთვის, სინქრონში არიან ერთმანეთთან და კრემლისთვის ძვირფასია, რომ ოცნება დარჩეს ხელისუფლებაში”,– ამბობს ჯაფარიძე.
ის ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ საპატრიარქოს როლის ხაზგასმით მათ მიანიშნეს, რომ 5 ივლისის მოვლენების მიუხედავად, საპატარიარქომ “სამაგიეროდ” მნიშვნელოვანი რაღაც გააკეთა.”
ცნობისთვის, უკანონოდ დაპატიმრებული ზაზა გახელაძე ბიბილოვმა გუშინ შეიწყალა.