რუსეთმა როგორც ჩანს დაიწყო ახალი შეტევა უკრაინის აღმოსავლეთით–უკრაინის გენშტაბი

რუსეთის ფედერაციამ გაააქტიურა შეტევა და შტურმი სლობოჟანსკის და დონეცკის მიმართულების ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთებზე. ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით ოკუპანტებმა საკუთარი ძალისხმევა მიმართეს დასახლებული პუნქტების – ლიმანის, კრემენნაიას, პაპასნაიას, რუბეჟნოეს და მარიუპოლის ასაღებად.

უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობის მონაცემებით, ოკუპანტების მთავარი მიზანი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე სრული კონტროლის დამყარებაა. აღმოსავლეთის საოპერაციო ზონაში, უწყების აზრით დაფიქსირებულია მტრის შეტევითი ოპერაციების დასაწყისი.

უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გაააქტიურეს შტურმი სლობოჟანსკის და დონეცკის მიმართულებებით.

“ძალების გასაძლიერებლად მოწინააღმდეგე განაგრძობს დამატებითი სატანგო და საარტილერიო ქვედანაყოფების თავმოყრას. გრძელდება ბრძოლა მარიუპოლისთვის. მტერი შტურმს ახორციელებს საზღვაო პორტის რაიონში“– ნათქვამია უკრაინის გენშტაბის ინფორმაციაში.

რუსეთმა, როგორც ჩანს, დაიწყო ახალი შეტევა უკრაინის აღმოსავლეთით – აცხადებენ უკრაინის ოფიციალური პირები 18 აპრილს, მას შემდეგ, რაც სულ მცირე შვიდი ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს სამხედრო ინფრასტრუქტურაზე დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში.

უკრაინის გაერთიანებული შტაბი აცხადებს, რომ აღრიცხა “შეტევის დაწყების ნიშნები ოპერაციათა აღმოსავლეთ ფლანგზე”, და, როგორც ჩანს, შეტევები კონცენტრირებულია ხარკოვის და დონეცკის რეგიონებში.

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა სატელევიზიო გამოსვლაში თქვა, რომ რუსეთი 18 აპრილს დილით შეეცადა დაეწყო “აქტიური ფაზა”. მისი თქმით, რუსეთის ძალები შეეცადნენ გაერღვიათ უკრაინის თავდაცვა დონეცკის, ლუგანსკის და ხარკოვის რეგიონების თითქმის მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ღამით აცხადებდა, რომ მისი ძალები ცეცხლს უხსნიდნენ 100-ზე მეტ სამიზნეს ადგილებში, სადაც კონცენტრირებულია უკრაინის სამხედრო შეიარაღება და ჯარისკაცები. სამინისტროს თქმით, რუსეთის არმიამ გაანადგურა უკრაინის რვა ტანკი და სხვა დაჯავშნილი მანქანები, ჩამოაგდო სამი თვითმფრინავი და გაანადგურა იარაღის ოთხი დეპო. ამ განცხადებების დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება.