“ეს სურსათის იარაღად განზრახ გამოყენების ცინიკური პოლიტიკაა. რუსეთის უპასუხისმგებლო ქმედებების საპასუხოდ, ევროკავშირი სამი ძირითადი მიმართულებით მოქმედებს. პირველი, “შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის” განახლებისთვის გაეროსა და თურქეთის დაუღალავი ძალისხმევის მხარდაჭერას გავაგრძელებთ. მეორე, კვლავ გავაძლიერებთ ჩვენს “სოლიდარობის ხაზებს”, როგორც ალტერნატიულ მარშრუტებს ევროკავშირის გავლით უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის მსოფლიო ბაზრებზე მოსახვედრად. აქამდე ამ ხაზებმა უკრაინის 41 მილიონ ტონაზე მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის საშუალება მოგვცა და მათ რაც შეგვიძლია მეტად ვზრდით, რათა რუსეთის მიერ “შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის” შეწყვეტის შედეგები შევამსუბუქოთ. მესამე, ყველაზე მეტად გაჭირვებულ ქვეყნებს და ადამიანებს ფინანსური მხარდაჭერა გავუზარდეთ, რისთვისაც 2024 წლამდე სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 18 მილიარდი ევრო გამოვყავით. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას და ყველა ქვეყანას, გააძლიერონ თავისი დახმარება გლობალური სასურსათო უსაფრთხოების მხარდასაჭერად. ვთხოვთ ყველა ჩვენს პარტნიორს, მოუწოდონ რუსეთს დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს, როგორც ეს აფრიკის კავშირმა უკვე გააკეთა და ასევე შეწყვიტოს უკრაინის სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები. მკაფიო და ერთიანი ხმით შეგვიძლია “შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაში” რუსეთის დაბრუნებას მივაღწიოთ. მთელ მსოფლიოს გლობალური სასურსათო უსაფრთხოების პასუხისმგებლიანი მართვის საერთო ინტერესი გააჩნია. ვალში ვართ იმ ადამიანების წინაშე, ვისაც ყველაზე უფრო უჭირს”.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა ისაუბრა.