რუსეთმა უკრაინაზე მასირებული დარტყმები შეზღუდა – ბრიტანული დაზვერვა მიზეზს ასახელებს

საბრძოლო მასალის ნაკლებობა, სავარაუდოდ,  მთავარ შემაკავებელ  ფაქტორად რჩება რუსეთის თავდასხმებისა და უკრაინის წინააღმდეგ მასირებული დარტყმებისთვის, წერს ბრიტანეთის დაზვერვა Twitter-ზე.

რუსეთმა, სავარაუდოდ,  უკრაინის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ შორი დისტანციის სარაკეტო დარტყმები საკრუიზო რაკეტების შეზღუდული ხელმისაწვდომობის გამო შეზღუდა და კვირაში ერთხელ ახერხებს დარტყმის განხორციელებას.

რუსეთს ასევე აქვს საარტილერიო საბრძოლო მასალის დეფიციტი, რომელიც ფართომასშტაბიან შეტევით ოპერაციებს აფერხებს.

„რუსეთის ამჟამინდელი ოპერატიული სქემის დაუცველობა მდგომარეობს იმაში, რომ გრძელ ფრონტის ხაზზე თავდაცვითი ოპერაციების მარტივი ჩატარებაც კი მოითხოვს ჭურვებისა და რაკეტების მნიშვნელოვან ყოველდღიურ ხარჯვას“, – ნათქვამია მოხსენებაში.

როდის არის  მოსალოდნელი შემდეგი მასირებული დარტყმა უკრაინის წინააღმდეგ

უკრაინული მედია ამ დღეებში  დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთი 22 ან 23 დეკემბერს უკრაინაზე ხელახლა დარტყმისთვის ემზადებოდა. თუმცა, ამ დღეებში თავდასხმები არ ყოფილა.

ამავდროულად, 23 დეკემბერს უკრაინის რიგ რეგიონებში რამდენჯერმე გამოცხადდა საჰაერო განგაში ოკუპანტების სტრატეგიული ავიაციის საქმიანობასთან და შავ ზღვაში სარაკეტო მატარებლების გაშვებასთან დაკავშირებით.

სამხედროებს მტრის ამ ქცევისთვის რამდენიმე ახსნა აქვთ: ან დარტყმისთვის რეალური მომზადება, ან ფსიქოლოგიური ზეწოლის გაგრძელება.

10 ოქტომბრიდან რუსეთის ფედერაცია მიზნად ისახავს უკრაინის ენერგოსისტემის განადგურებას და ტერორს იმით ამართლებს, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურა სამხედროებს ემსახურება.

პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ახალ სარაკეტო დარტყმებს შობა-ახალ წელს განახორციელებს.