რუსეთმა უკრაინაში საბრძოლველად “ჰეზბოლას“ 800 ბოევიკი დაიქირავა – მედია

რუსეთმა მოახერხა მოლაპარაკება შიიტური ისლამისტური დაჯგუფება “ჰეზბოლას“ 800 ბოევიკის უკრაინის ომში ჩართვი შესახებ. ამის თაობაზე რუსული და უკრაინული მედია წერს. ჟურნალისტების ინფორმაციით დაქირავებული მებრძოლების პირველი ჯგუფი უკრაინაში 29 მარტს ჩავა.

მომავალ კვირას ჰეზბოლას 200 მებრძოლისგან შემდგარი ჯგუფი ჯერ ბელორუსში ჩავა. მათ დამასკიდან გომელსკის ოლქის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანენ. 29 მარტს კი უკრაინაში ფრონტზე გაუშვებენ. ერთი ბოევიკის დაქირავება რუსეთს თვეში 1500 დოლარი უჯდება.

ბევრ ქვეყანაში ჰეზბოლა ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული, მათ შორის აშშ–ში, დიდ ბრიტანეთში, კანადასა და ისრაელში.

როგორც უკრაინული მედია წერს,  25 მარტს ტელეარხმა “ალ ჰადასმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული საგანგებო დაჯგუფება “ვაგნერი“ მოლაპარაკებებს აწარმოებდა შიიტურ შეიარაღებულ დაჯგუფება ჰეზბოლასთან ბოევიკების უკრაინაში გასაგზავნად. ვაგნერელებს თითქოსდა ამ მოლაპარაკებებზე ალექსანდრ კუზნეცოვი წარმოადგენდა. ჰეზბოლას მხარეს კი მაღალჩინოსანი ნაჯი ჰასან ალ შარტუნი.

შეხვედრა თითქოსდა რამდენიმე დღის წინ შედგა და მხარეებმა მოილაპარაკეს უკრაინაში ჰეზბოლას 800 ბოევიკის გაგზავნის შესახებ, ბონუსის სახით კი,  ჰესბოლამ და მისი შუამავლობით ირანმა შეიძლება რუსეთისგან მსხვილ გარიგებებში გარკვეული პრეფერენციები შეიძლება მიიღონ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჰეზბოლამ უკვე გახსნა სამობილიზაციო ბიურო მებრძოლების შესაკრებად სირიის პროვინცია ჰომსში მდებარე ქალაქ კუსეირში. ქალაქ იაბრუდში, ალეპოსა და საიდ–ზეინაბში უკვე გახსნილია დამატებით სამი განყოფილება სირიაში დისლოცირებული ჰეზბოლას ბოევიკების მობილიზაციისთვის. მეოთხე ოფისი ლიბანში, ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში გაიხსნა, რომელსაც ჰეზბოლა აკონტროლებს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა უარყოფდა დაჯგუფების ბოევიკების გაგზავნას უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად რუსეთის ომში და ამბობდა, რომ არავინ შეუერთდებოდა ამ ომს.