რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური საინფორმაციო ოპერაციების ახალი ეტაპი დაიწყო, რომლის მიზანი მოსახლეობაში პანიკის დათესვაა.
ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო იუწყება.
უკრაინის საინფორმაციო სივრცეში მასობრივად ვრცელდება ფეიკები. კერძოდ, ელენოვკის ტერაქტის გამოყენებით, რუსეთი პოულობს საბაბებს მუდმივი საინფორმაციო ტერორისა და დაშინებისთვის. მისი ამოცანა უკრაინული საზოგადოების დესტაბილიზება და დემორალიზებაა.
უკრაინული მედია წერს, რომ ოკუპანტები არასარწმუნო ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ საზოგადოებით მანიპულაციას და ისეთი ქმედებების გამოწვევას, რაც ქვეყანას ომის დროს დესტაბილიზაციამდე მიიყვანს.
სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებული საკითხების საკოორდინაციო შტაბი მოუწოდებს მოქალაქეებს საინფორმაციო ჰიგიენა დაიცვან. მათი ინფორმაციით უკრაინა ყველაფერს აკეთებს ტყვეებს დასაბრუნებლად, მათ გასაცვლელად, ასევე იმ პირთა მოსაძებნად, ვინც განსაკუთრებულ გარემოებებში უგზოუკვლოდ დაიკარგა.
შეგახსენებთ, რომ ელენოვკაში 29 ივლისს ყოფილი გამოსასწორებელი კოლონიის შენობა აფეთქდა, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ, მათ შორის პოლკ აზოვის წევრები. რუსეთი ამბობს, რომ კოლონია უკრაინელებმა დაბომბეს უკრაინული მხარე და საერთაშორისო ორგანიზაციები კი ამბობენ, რომ რუსებმა კოლონია თვითონ ააფეთქეს. დაიღუპა მინიმუმ 50 უკრაინელი სამხედრო ტყვე. დაჭრილთა რაოდენობა უცნობია.