რუსეთში ბოლო დღეღამის განმავლობაში კიდევ 6198 დაინფიცირებული გამოვლინდა ქვეყნის 84 რეგიონში. გარდაიცვალა კიდევ 50 ადამიანი. ჯამში რუსეთმა დაინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთს გუსწრო და მსოფლიოში მეცხრე ადგილი დაიკავა.
ამ დროისთვის რუსეთში ახალი კორონავირუსით 87 147 ადამიანია დაინფიცირებული, გარდაცვლილია 794.
გასულ ერთ კვირაში რუსეთში დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 89%–ით გაიზარდა. ყოველდღიური მატება 2000–დან 6300–შორის მერყეობდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ საღამოს პირველად დაასახელა შეიარაღებულ ძალებში დაინფიცირებულთა რაოდენობა. 26 აპრილის მონაცემებით კორონავირუსი ტესტირების შედეგად 874 სამხედროს აღმოაჩნდა. შეიარაღებული ძალების სამოქალაქო პერსონალს შორის კი კორონავირუსით 245 დაინფიცირებულია.
რუსებს მაისის დღესასწაულების სახლში გატარება მოუწევთ, რათა კორონავირუსის აფეთქება არ დაუშვან – განაცხადა კვირას როსპოტრებნადზორის ხელმძღვანელმა, ანა პოპოვამ. მისი აზრით რუსეთი ჯერჯერობით ახერხებს დაავადების აფეთქებას თავი აარიდოს. მისი აზრით ეს არ არის პიკი.
როსპოტრებნადზორის ინფორმაციით ამ დროისთვის რუსეთში 3 მილიონი ტესტი ჩატარდა.
რუსეთში იმედი აქვთ, რომ ზაფხულის პირველ თვეს სიტუაცია გაუმჯობესდება.