რუსეთს ხარკოვიდან ჯარები გაჰყავს, ძირითადი ქალაქების აღებას ვერ ახერხებს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთს ხარკოვიდან ჯარები გაჰყავს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ძირითადი ქალაქების აღებას ვერ ახერხებს.

„უკრაინული ძალები აგრძელებენ კონტრშეტევას ხარკოვის ჩრდილოეთით, დაიბრუნეს რა რამდენიმე ქალაქი და სოფელი რუსეთის საზღვრის მიმართულებით. იმ ფაქტმა, რომ რუსეთის ფედერაციამ პრიორიტეტი დონბასს მიანიჭა, ხერკოვის ოლქში დისლოცირებული ქვედანაყოფები უკრაინის მობილური და მაღალი მოტივაციის მქონე კონტრშეტევითი ჯგუფების წინაშე მოწყვლადი გახადა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ხარკოვის რეგიონიდან გაყვანილი ძალები, გაძლიერების შემდეგ, სავარაუდოდ მდინარე ჩრდილოეთის დონეცის აღმოსავლეთ ნაპირზე განლაგდებიან და იზიუმის რაიონში რუსეთის ძირითადი ძალების დისლოცირების დასავლეთ ფლანგისა და ოპერაციის მომარაგების მთავარი გზების დამცველ ძალას შექმნიან.

„რუსული ძალების გაყვანა ხარკოვის ოლქიდან მდუმარე აღიარებაა იმის, რომ მათ უკრაინის საკვანძო ქალაქების აღება არ შეუძლიათ“,- ნათქვამია  ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.