აქაურმა რუსეთუმეებმა სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს, ახლა თურქეთის მაგალითი მოყავთ იმის “დასამტკიცებლად”, რომ არც საქართველოს მიგვიღებენ ევროკავშირში.
ეს შედარება ძალიან არარელევანტურია რამდენიმე მიზეზის გამო, რომელიც თურქეთისა და საქართველოს ევროინტეგრაციის გზას ერთმანეთისგან რადიკალურად განასხვავებს:
– ევროპის გადმოსახედიდან საქართველო მაინც ყოფილი საბჭოთა სივრცეა, რომელიც რუსეთისგან დაცვას საჭიროებს. ამიტომაცაა, რომ ჩვენ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად გავდივართ საერთო პაკეტში და არა თურქეთთან ერთად;
– თურქეთს რუსეთისგან დაცვა ნაკლებად სჭირდება. მაგრამ მას დიდი მუსლიმი მოსახლეობა (88 მლნ) ჰყავს, რაც ყოველთვის აშფოთებდა და აშფოთებს ევროპელ ლიდერებს. ეს შიშები ეხება არა მხოლოდ დემოგრაფიული სურათის შესაძლო ცვლილებას, არამედ პოლიტიკურ გავლენებასც – გაწევრიანების შემთხვევაში თურქეთს ყველაზე მეტი დეპუტატი ეყოლებოდა ევროპარლამენტში. საქართველოსთან დაკავშირებით კი ასეთი შიშები არ არსებობს;
– ამასთან, ევროკავშირის გადმოსახედიდან თურქეთს ოკუპირებული აქვს მისი წევრი ქვეყნის – კვიპროსის ტერიტორიის მესამედი და კვიპროსმა მოლაპარაკებების პროცესში ბევრი თავი დაუბლოკა კიდეც თურქეთს;
– თურქეთში მოლაპარაკებების დროს მოსახლეობის მხოლოდ 43% უჭერდა მხარს გაწევრიანების პროცესს, როცა საქართველოში ეს მაჩვენებელი თითქმის 90% პროცენტია. ზოგადად, თურქეთში საქართველოსგან განსხვავებით ძლიერია ანტიდასავლური განწყობები საზოგადოებაში და ესეც მნიშვნელოვანი მომენტია;
– თავად თურქეთში ძალიან ნელა მიმდინარეობდა რეფორმების პროცესი. 2016 წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ კი, როდესაც ათეულ ათასობით ადამიანი დაიჭირეს ციხეში, ევროკავშირმა გაყინა მოლაპარაკებების პროცესი. ევროკავშირს დღესაც უამრავი პრეტენზია აქვს თურქეთთან, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება;
– თურქეთმა საქართველოსგან განსხვავებით ვერ მიიღო ვერც ვიზალირალიზაცია თავის დროზე და ახლაც გაჩერებულია ეს პროცესი.
ასე რომ, ერთადერთი, რის გამოც საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეიძლება გაჩერდეს, არის ის, რომ ხელისუფლებამ არ შეასრულოს ევროკავშირის რეკომენდაციები.
ამიტომ ჩვენი ანუ საქართველოს მოქალაქეების ვალია, ეს არ დავუშვათ.
დანარჩენი (მათ შორის თურქეთის წარუმატებელი მაგალითის მოყვანაც) იაფფასიანი რუსული დეზინფორმაციაა, რომლის მიზანიც ქართულ საზოგადოებაში ევროკავშირის მიმართ ნიჰილიზმის დანერგვაა და მეტი არაფერი.
ასეთი რუსული დეზინფორმაცია კი ყოველთვის უნდა გამომავლინოთ და ვებრძოლოთ მას.
ზურა ბატიაშვილი, ანალიტიკოსი