რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ ათიათასობით პატიმარი გაიყვანა ციხიდან უკრაინაში საბრძოლველად. მაგრამ მსხვერპლის მზარდი რაოდენობა და ომში წაყვანილთა თვითნებური სიკვდილით დასჯა მათივე ხელმძღვანელობის მხრიდან ბევრად ართულებს მოხალისეების პოვნას, თუნდაც ციხეებში.
ბევრი მსჯავრდებული ახლა წუხს, რომ შეიძლება უბრალოდ აიძულონ ომში წასვლა . თავს განსაკუთრებით დაუცველად გრძნობენ რუსეთში სამუშაოდ ჩასული მიგრანტები ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან.
ბიბისი წერს მიგრანტზე, პირობითი სახელით ანუარი, რომელიც სამუშაოს საძიებლად რუსეთში 2018 წელს ჩავიდა. მოგვიანებით ის დააპატიმრეს ნარკოტრეფიკისთვის და სასჯელის მოსახდელად ვლადიმირის რეგიონის მეექვსე სასჯელაღსრულების კოლონიაში გაგზავნეს. მის ნამდვილ ვინაობას BBC უსაფრთხოების მიზეზების გამო არ ამხელს.
იანვრის ბოლოს მან მამას უთხრა, რომ შუა აზიელების ჯგუფი უკრაინაში საბრძოლველად მათი თანხმობის გარეშე გაგზავნეს. “ამ ციხეში უამრავი უზბეკი, ტაჯიკი, ყირგიზია. ახლა სხვა ჯგუფის გაგზავნას გეგმავენ და ჩემი შვილი წუხს, რომ მასაც აიძულებენ წასვლას”, – განუცხადა ანუარის მამამ BBC-ს.
BBC-მ ნახა სასამართლო დოკუმენტები და ანუარის წერილები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ის ნამდვილად იხდის სასჯელს ამ ციხეში. ამბავს ჯგუფის შესახებ, რომელიც იანვარში იძულებული გახდა უკრაინაში წასულიყო, ასევე ადასტურებს ოლგა რომანოვა, სამოქალაქო უფლებების ორგანიზაციის „რუსეთი გისოსებს მიღმა“ დირექტორი. ამ პატიმრების მშობლებმა მას დახმარებისთვის მიმართეს.
“მათ არჩევანი არ დაუტოვეს. მათ უთხრეს, რომ ხელი მოეწერათ კონტრაქტისთვის და ფრონტის ხაზზე გაგზავნეს, როგორც კარტოფილის ტომარა”, – თქვა რომანოვამ.
თავდაპირველად, მშობლები მზად იყვნენ სასამართლოში წასულიყვნენ, რათა მათი შვილები უკრაინაში დაღუპვისგან ეხსნათ, მაგრამ შემდეგ მათ უარი განაცხადეს, იმის შიშით, რომ მათ შვილებს სასჯელი იმ შემთხვევაშიც არ ასცდებოდათ, თუ ციხეში დარჩებოდნენ – ამბობს ის.
მეექვსე სასჯელაღსრულების კოლონია ცნობილია არასათანადო მოპყრობითა და მსჯავრდებულების ხშირი ცემით. ოლგა რომანოვა მას “წამების ციხეს” უწოდებს. სწორედ აქ იხდის სასჯელს გამოჩენილი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი.
კოლონიის ადმინისტრაციამ არ უპასუხა BBC-ის თხოვნას, პასუხი გაეცა ბრალდებებისთვის, რომ ისინი პატიმრებს სამხედრო კონტრაქტების გაფორმებას აიძულებდნენ.
როგორც ჩანს, ციხეებში რეკრუტირება ძალიან წარმატებული იყო, მაგრამ ყველაფერი იცვლება, რადგან ვაგნერის ჯგუფი მძიმე დანაკარგებს განიცდის ბრძოლის ველზე.
BBC Uzbek ესაუბრა ფარუხს, (შეცვლილი სახელი) უზბეკეთის მოქალაქეს, რომელიც რუსეთის როსტოვის ოლქის ციხეში იმყოფება. რამდენიმე მასთან ერთად მჯდომი პატიმარი ვაგნერს შეუერთდა. თავიდან ეს ნებაყოფლობითი იყო, თქვა ფარუხმა, მაგრამ ახლა ის წუხს, რომ პატიმრები შეიძლება აიძულონ ომში წავიდნენ.
„თავიდან მეც ვფიქრობდი წასვლაზე, რადგან ყველა ფიქრობდა, რომ რუსეთი უფრო ძლიერი იყო, რომ რუსეთი გაიმარჯვებდა – შეიძლება ერთ თვეში, სამ თვეში ან ერთ წელიწადში. მაგრამ ახლა ვხედავთ, რამდენი ადამიანი იღუპება იქ . მათ ჯარისკაცები არ ყოფნით. თუ მეტყვიან წადი და უარს ვიტყვი, მაშინ შეიძლება განაცხადონ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ვარ“.
ცენტრალური აზიის მოქალაქეებს ომში წასაყვანად არა მხოლოდ ციხეებში, არამედ სხვა გზებითაც არჩევენ. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს უახლესი სტატისტიკის მიხედვით, მთლიანობაში, რუსეთში დაახლოებით 10,5 მილიონი მიგრანტი მუშაობს უზბეკეთიდან, ტაჯიკეთიდან და ყირგიზეთიდან. და ეს არის უზარმაზარი რესურსი სამხედრო აგრესორებისთვის.
რუსეთის ხელისუფლება შეიარაღებული ძალების რიგებში წერს ადამიანებს მოსკოვის საიმიგრაციო ცენტრიდან. უზბეკურ, ყირგიზულ და ტაჯიკეთურ ენებზე რეკლამებიც კი არსებობს, რომლებიც ამ ქვეყნების მოქალაქეებს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანების შემთხვევაში რუსული პასპორტის მიღების სწრაფ გზას სთავაზობს.
მაგრამ აქტივისტები ამბობენ, რომ ეს ყოველთვის არ არის ნებაყოფლობითი.
მიგრანტების უფლებების დამცველმა ვალენტინა ჩუპიკმა BBC-ს განუცხადა, რომ პოლიციის ოფიცრები ზოგჯერ ცენტრალურ აზიელ მიგრანტებს ქუჩაში აჩერებდნენ, აშინებდნენ მათ და სამხედრო ხელშეკრულების გაფორმებას აიძულებდნენ. მათ ეუბნებოდნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დეპორტირებულნი იქნებოდნენ, თქვა ჩუპიკმა.
ბევრ შრომით მიგრანტს არ გააჩნია სათანადო სამუშაო ნებართვა, არ ცხოვრობენ რეგისტრაციის ადგილზე, ან არღვევენ სხვა საიმიგრაციო წესებს. ამიტომაც ისინი შეიძლება მარტივი სამიზნე გახდნენ რეკრუტირებისთვის.
აზიზმა, (სახელი შეცვლილია) რომელსაც აქვს ორმაგი – რუსეთის და ტაჯიკეთის მოქალაქეობა, განუცხადა BBC-ს, რომ ის დააკავეს პოლიციის რეიდის დროს სამშენებლო მოედანზე, სადაც ის მუშაობს. უთხრეს, რომ წაიყვანდნენ პოლიციის განყოფილებაში პირადობის მოწმობის შესამოწმებლად, მაგრამ ამის ნაცვლად ის სამხედრო კომისარიატში მოხვდა. როდესაც მან პოლიციელებს ყვირილი დაუწყო და მოითხოვა აეხსნათ, რატომ მოატყუეს, ხელები გადაუგრიხეს და ისევ ავტობუსში ჩააგდეს. საბოლოოდ ის გაათავისუფლეს.
მაგრამ რუსეთში ბევრ მიგრანტს ძალიან ეშინია სამართალდამცავი ორგანოების საიმისოდ, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ომში მათ იძულებით წაყვანას.