რუსეთში მობილიზაციაზე გაწვეულმა კაცმა ცეცხლი გახსნა და კომისარი დაჭრა

რუსეთში,  ირკუტსკის ოლქის, ქალაქ უსტ-ილიმსკის სამხედრო კომისარიატის შენობაში ახალგაზრდა კაცმა ცეცხლი გახსნა და სამხედრო კომისარი დაჭრა. ფაქტის ამსახველი ვიდეო ტელეგრამ არხზე ვრცელდება. შემთხვევა ოლქის გუბერნატორმა, იგორ კობზევმაც დაადასტურა.

“სამხედრო კომისარი, ალექსანდრე ვლადიმიროვიჩ ელისეევი რეანიმაციაშია. ის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. ექიმები მისი სიცოცხლისთვის იბრძვიან. მსროლელი მაშინვე დააკავეს. ის აუცილებლად დაისჯება!” – განაცხადა ირკუტსკის ოლქის გუბერნატორმა.

ოლქის კომისარიატში სროლა ადგილობრივი დროით 12:00 საათზე მოხდა. რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით,  სამხედრო კომისარს, რომელსაც გულ-მკერდის არეში ექვსი ჭრილობა აქვს მიყენებული, ოპერაციას უტარებენ. მის გარდა არავინ დაშავებულა.