რუსეთში პანდემიის პერიოდში ფანჯრიდან უკვე მესამე ექიმი გადავარდა

ახალი კორონავირუსის პანდემიის პიკში, რუსეთში, ბუნდოვან გარემოებებში, უკვე მესამე ექიმი ვარდება საავადმყოფოს ფანჯრიდან. ორი ექიმი დაიღუპა, მესამის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.

მესამე შემთხვევა ვორონეჟის რეგიონში მოხდა. კორონავირუსით დაავადებული სასწრაფო დახმარების ექიმი მრავლობითი მოტეხილობებით და დაზიანებებით რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მის ფანჯრიდან გადმოვარდნას წინ უძღვოდა განცხადება, რომ მას მუშაობას აიძულებდნენ მაშინ როცა თავად კოვიდ19-ით იყო ინფიცირებული. როგორც მისი კოლეგები ამბობენ, ექიმი ალექსანდრ შულეპოვი საავადმყოფოს მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა.

ისტორია 22 აპრილს დაიწყო, როცა კოვიდ19-ით დაინფიცირებული შულეპოვი სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რამდენიმე ტესტის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ის კორონავიურისგან განიკურნა და საავადმყოფოდან უნდა გამოეწერათ, სწორედ ამ დროს მოხდა მისი გადმოვარდნა ფანჯრიდან. მანამდე შულეპოვმა ორი განცხადება გააკეთა. ერთი 22 აპრილს სადაც ის კოლეგასთან ერთად ყვებოდა, რომ მათ უფროსი მუშაობას აიძულებდა, შემდეგ მან ეს განცხადება უარყო და თქვა, რომ მან ვიდეო მიმართვა ემოციური ფონზე ჩაწერა.

მომხდარის მიზეზები ამ დრომდე უცნობია. რუსეთში პარალელურად, იზრდება ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული და გარდაცვლილი ექიმების რაოდენობა.