რუსეთში პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილა – რუსული მედია

კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყების ორგანიზების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილა, – ამის შესახებ გამოცემა „კომერსანტი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 279-ე მუხლით შეიარაღებული აჯანყების ორგანიზების ფაქტზე მას შემდეგ აღიძრა, რაც ის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაუპირისპირდა – მან უწყება ვაგნერის ბანაკების დაბომბვასა და მებრძოლების მკვლელობაში დაადანაშაულა.

24 ივნისს პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა, 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.

ამას გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი და თქვა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ გამოძიება შეწყდებოდა და ვაგნერის ხელმძღვანელი ბელარუსში გაემგზავრებოდა.