რუსეთში, ”რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს 6.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თათრეთის უზენაესმა სასამართლომ რადიო თავისუფლების ადგილობრივი ბიუროს ჟურნალისტს, ალსუ კურმაშევას 6.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

Associated Press-ი ინფორმაციას  სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს და აცხადებს, რომ კურმაშევას რუსული არმიის შესახებ “ყალბი” ამბების გავრცელებას ედავებოდნენ.  საქმეს კი გრიფით საიდუმლო ადევს და განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

”რადიო თავისუფლების ” აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივენ კაპუსმა ალსუ კურმაშევას სასამართლო პროცესი და გამოტანილი ვერდიქტი დაგმო და მას “სამართლიანობის დაცინვა” უწოდა.

ალსუ კურმაშევა 2023 წლის 2 ივნისს  ყაზანის აეროპორტში უშიშროების ძალებმა დააკავეს. კურმაშევა რუსეთისა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეა. მას დაკავებისას ორივე პასპორტი ჩამოართვეს და კიდევ ერთი საქმე აღუძრეს ორმაგ მოქალაქეობაზე, კერძოდ შეუტყობინებლობის გამო. გამოძიების პერიოდში ყაზანის დატოვება აეკრძალა. რამდენიმეთვიანი გამოძიების შემდეგ კი ის დამნაშავედ ცნეს და 10 000 რუბლით დააჯარიმეს.2023 წლის 18 ოქტომბერს, ჟურნალისტი ისევ დააკავეს და ბრალი წაუყენეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 330.1 მუხლის მე-3 ნაწილით („რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა, წარუდგინოს უფლებამოსილ ორგანოს უცხოური აგენტების რეესტრში ჩასართავად საჭირო დოკუმენტები. რამდენიმე დღის შემდეგ სასამართლომ კურმაშევას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

თვენახევრის შემდეგ, 2023 წლის 11 დეკემბერს გამოძიებამ მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსი სამხედროების შესახებ “ყალბი” ინფორმაციის გავრცელებისთვის. ბრალდების საფუძველი წიგნის სახელად  „არა ომს“ გავრცელება გახდა, წიგნში მოთხრობილია 40 რუსის ისტორია, რომლებიც უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ გამოდიან”.