რუსეთში რაკეტების მწარმოებელი კომპანიიდან 7 ტონა ტიტანი მოიპარეს – მედია

უკრაინული მედია Unian იუწყება, რომ მოსკოვის მახლობლად მდებარე კოროლიოვში, იარაღის უმსხვილესი რუსული მწარმოებლის “Тактическое ракетное вооружение”-ის შვილობილი კომპანიის საწყობიდან 7 ტონა ტიტანი მოიპარეს. ტიტანი გამოიყენება საბრძოლო რაკეტებისა და გენერატორების დასამზადებლად.

მედიის ცნობით, უცნობმა პირებმა ქურდობა ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით შეძლეს.

“დამნაშავეებმა გამოიყენეს ყალბი მინდობილობა, შევიდნენ კოროლიოვის საწყობში და ამოიღეს 18 მილიონი რუბლის ღირებულების 7319 კილოგრამი ნედლეული”,– აცხადებს უნიანი.

პოლიცია იძიებს, ჩანს თუ არა ქურდების სახეები კამერებზე და ჩართული იყო თუ არა საწარმოს თანამშრომელი დანაშაულში.