რუსეთში, ომსკის ოლქის ჯანდაცვის მინისტრი, ალექსანდრ მურახოვსკი, რომელსაც პარასკევის შემდეგ ეძებდნენ, ცოცხალი იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ტელეგრამ-არხი Mash Siberia ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის მურახოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გაუჩინარების მიზეზი უცნობია.
ალექსანდრ მურახოვსკი ტყეში სანადიროდ 7 მაისს წავიდა, რის შემდეგაც აღარ გამოჩენილა. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინისტრის კვადროციკლი ტყეში იპოვეს.
„დოიჩე ველე“ წერს, რომ ალექსანდრ მურახოვსკი პირველი ექიმი იყო, რომელმაც ნერვული აგენტით მოწამლულ ალექსეი ნავალნის უმკურნალა. კერძოდ, ის იმ საავადმყოფოს მთავარი ექიმი იყო, სადაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ნავალნი 2020 წლის აგვისტოს ბოლოს გადაიყვანეს. მაშინ მურახოვსკიმ განაცხადა, რომ თავდაპირველი ლაბორატორიული კვლევების შედეგად ნავალნის ორგანიზმში ნერვული აგენტის კვალი არ აღმოჩნდა.