კვირას მოსკოვში და პოდმოსკოვიეში McDonald’s–ის ქსელის ნაცვლად ახალი, რუსული სწრაფი კვების რესტორნები გაიხსნა სახელწოდებით “გემრიელია– და წერტილი“ (“Вкусно – и точка”).
მაისში მსოფლიოს სწრაფი კვების რესტორნების უმსხვილესმა ქსელმა ამ ბაზარზე 32 წლიანი მუშაობის შემდეგ რუსეთიდან გასვლისა და ბიზნესის გაყიდვის შესახებ განაცხადა. კომპანიამ გადაწყვეტილება ჰუმანიტარული კრიზისით ახსნა, რომელიც რუსეთ–უკრაინის ომმა გამოიწვია, ასევე იმით, რომ ბიზნესის შენარჩუნება ქვეყანაში “აღარ არის მიზანშეწონილი და არ შეესაბამება McDonald’s –ის ფასეულობებს.“
ქსელი ბიზნესმენმა ალექსანდრ შოვორმა იყიდა, რომელიც წარსულში უკვე მართავდა რამდენიმე ათეულ წამგებიან მაკდონალდსის რესტორანს ციმბირში.
რუსული ქსელის დირექტორი, ოლეგ პაროევი აცხადებს, რომ ქსელის მენიუში არ იქნება ზოგიერთი პროდუქტი McDonald’s–ის ტრადიციული მენიუდან, მაგალითად ბიგ მაკის ბურგერები და ნაყინი მაკფლური.
გარდა ამისა, ქსელის ასორტიმენტი შეიძლება შეიცვალოს რუსულ ბაზარზე უცხოელ მომწოდებელთა შეზღუდული მუშაობის გამო. პაროევის თქმით, ქსელში ჯერჯერობით არის კოკა–კოლას მარაგები, მის შემცვლელს კი კომპანია ტენდერით შეარჩევს.
რუსული მედიის და სოციალური ქსელების მომხმარებელთა ინფორმაციით საკვების შეფუთვას ძველი ლოგოტიპი აღარ აქვს და წითელი ფერიც აღარ არის. მაგალითად, კარტოფილი ფრის შეფუთვა უბრალოდ თეთრი ქაღალდია.
მენიუში სხვა პოზიციების დასახელებები შეფუთვაზე რუსული ასოებით წერია, ამასთან ზოგიერთი სოუსის შეფუთვის განახლება ვერ მოხერხდა და ასო M მაკდონალდსის ლოგოტიპიდან უბრალოდ შავი მარკერით გადაღებეს.