რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციისთვის ამ წუთებში ტექნიკური სამზადისი მიმდინარეობს. მომიტინგეები პარლამენტთან დაახლოებით სამ საათში შეიკრიბებიან. ადგილზე დილიდან იკრიბებიან ოპოზიციური პარტიის ლიდერები, რომლებიც მასშტაბურ აქციას აანონსებენ. ისინი მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე, ოპოზიცია მომხრეებთან ერთად, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას, საარჩევნო ადმინისტრაციის ახლიდან დაკომპლექტებას და ხელახალ არჩევნებს მოითხოვს.
“დღეს აქციაზე მოთხოვნები ზუსტად იგივე იქნება, რაც იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და რაც გაგრძელდება ბოლომდე ვიდრე არ მივაღწევთ ჩვენს საბოლოო მიზანს. ეს არის რა თქმა უნდა, ხელახალი არჩევნები, ეს არის ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება და პოლიტ პატიმრების გათავისუფლება.
ის, რომ დიალოგი დაიწყო მხარეებს შორის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქუჩის პროტესტი გაჩერდება, არა ნამდვილად არ მივცემთ ამ ფუფუნებას ხელისუფლებას. ჩვენ დღეს ველოდებით ძალიან ბევრ ადამიანს რუსთაველის გამზირზე, ისე როგორც იყო წინა აქციების პერიოდში. მოგიწოდებთ ყველას, რომ დღეს 15:00 საათზე გამოხვიდეთ რუსთაველის გამზირზე”, – აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
“ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ მათი მოთხოვნა უცვლელი დარჩება, ჩატარდეს ხელახალი არჩევნები.