რუსთავის მერის მოადგილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა რუსთავის მერიაში მერის მოადგილეს, გოჩა ლორიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. მამაკაცი ადგილზე დააკავეს.

მერიის აპარატის უფროსი ნინო ნიკოლაევა მომხდარ ფაქტს ადასტურებს, თუმცა სხვა დეტალებზე არ საუბრობს.

„ვადასტურებ, რომ ინციდენტს ადგილი ნამდვილად ჰქონდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დამატებით განმარტებას ვერ გავაკეთებთ“, – განაცხადა ნინო ნიკოლაევამ.

მომხდარზე გამოძიება სსკ 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.