რუსთავში და ბათუმში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

ორ მაჟორიტარულ ოლქში დღეს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება.

ბათუმში საკრებულოს ახალი წევრი უნდა აირჩიონ. არჩევნები მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. ოჯახის წევრები და თანაპარტიელები ამბობენ, რომ ფუტკარაძე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზეწოლა განახორციელეს, რათა საკრებულოში ქართულ ოცნებას შეერთებოდა, რითაც ეს უკანასკნელი უმრავლესობას ჩამოაყალიბებდა.

რუსთავში კი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ, რადგანაც დეპუტატი ნინო ლაცაბიძე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად რუსთავის მერი გახდა.

პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 3, ხოლო საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის 2 საარჩევნო სუბიექტი. საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები ერთ ბიულეტენს მიიღებენ.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში – 139 989-ს შეადგენს, საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის კი №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 20 635 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 278 წარმომადგენელი, 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1590  დამკვირვებელი და 4  საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 16 მედიაორგანიზაციის 679  წარმომადგენელი.

საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო. ხარვეზი იყო ბათუმში 23-ე უბანზე, სადაც ვერიფიკაციის აპარატს ჰქონდა პრობლემა. ამის გამო ადგილზე ხმაური იყო. ასეთივე ხარვეზი დაფიქსირდა 76-ე უბანზე.