იაპონიის პრემიერ მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ უკრაინაზე თავდასხმის გამო მისი ქვეყანა რუს ოლიგარქებს და ბელორუს ჩინოვნიკებს დაასანქცირებს, მათ შორის პრეზიდენტ ლუკაშენკოს.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე კიშიდამ თქვა, რომ იაპონია გაყინავს ოლიგარქების აქტივებს. მანამდე იაპონიამ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტის და ხელისუფლების ჩინოვნიკების აქტივების გაყინვის შესახებ.
იაპონია ასევე აკრძალავს ფინანსურ ტრანზაქციებს 7 მთავარ რუსულ ბანკთან, ისევე როგორც რუსეთის ცენტრობანკთან და გაამკაცრებს კონტროლს საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი ნივთებისა და ნახევრადგამტარების ექსპორტზე.
“ჩვენ, დასავლეთის ქვეყნებთან ერთად, აუცილებელი შიდა ზომები მივიღეთ დღეს იმისათვის, რომ მოხდეს რუსეთის იზოლირება საერთაშორისო საფინანსო სისტემისგაან და გლობალური ეკონომიკისგან.
იაპონია ასევე სანქციებს დაუწესებს ბელორუსს, პრეზიდენტ ლუკაშენკოს და სხვა მაღალი თანამდებობის პირების ჩათვლით იმის გამო, რომ ბელორუსი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას“ – თქვა კიშიდამ და დასძინა, რომ გმობს ბელორუსის მიერ რუსეთის ჯარებისთვის უკრაინაში შესაჭრელად მისი ტერიტორიის დათმობას.
ბელორუსი ჩინოვნიკების წინააღმდეგ სანქციები დააწესეს დიდმა ბრიტანეთმა, აშშ–მ და ევროკავშირმაც, იმის გამო, რომ ქვეყანა რუსეთის აგრესიაშია ჩართული.