რუსი ოლიგარქის ქალიშვილი აეროპორტში ძვირფასეულობის კონტრაბანდისთვის დააკავეს

რუსი ოლიგარქის,  სერგეი ბაჩინის ქალიშვილი რუსეთში შესვლისას დააკავეს, რადგან  რუსეთში Louis Vuitton–ის ბრილიანტის სამკაულები შეჰქონდა. ინციდენტი როგორც ირკვევა ჯერ კიდევ აპრილში მოხდა, თუმცა მის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. ანა  ბაჩინა აშშ–დან რუსეთში სტამბულის გავლით ჩაფრინდა. მას თან ჰქონდა Louis Vuitton –ის სამკაულების ახალი კოლექცია Volt–ის მთელი კომპლექტი, რომელიც Z-ის მსგავსი სიმბოლოს გამოყენების გამო გააკრიტიკეს.

ანამ დეკლარაციაში არ შეიტანა სამი ბეჭედი, სამი წყვილი საყურე, ორი ყელსაბამი და სამი სამაჯური. ქალი დააკავეს, სამკაულები კი ამოიღეს და ექსპერტიზაზე გაგზავნეს. რუსული მედიის ინფორმაციით სამკაულების ღირებულება მინიმუმ 100 000 დოლარია. ახლა პოლიცია კონტრაბანდის მუხლით სწავლობს საქმეს, რომლის მიხედვით ოლიგარის შვილს 3–დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. თავად ანა ბაჩინა ამბობს, რომ სამკაულების ჩატანა მამამ, სერგეი ბაჩინმა თხოვა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ ძვირფასი ნივთების შეძენა შეზღუდულია. მაგალითად, ცოტა ხნის წინ გერმანიაში საქმე აღძრეს რუს ქალზე მას შემდეგ, რაც ის ძვირფას ჩანთაზე tax free–ს გაფორმებას ცდილობდა. მას 500 ევროიანი Furla–ს ჩანთა ჩამოართვეს, რადგან ევროკავშირმა მარტის შუა რიცხვებში რუსეთში 300 ევროზე ძვირადღირებული ფუფუნების ნივთების ექსპორტი აკრძალა.