კვირას პეტერბურგის ცენტრში მდებარე კაფეში მომხდარ აფეთქებას რუსი სამხედრო ბლოგერი, ვლადლენ ტატარსკი ემსხვერპლა. დაშავდა16 ადამიანი. ტელეგრამის არხ “Fontanka SPB Online” თანახმად, უნივერსიტეტის სანაპიროზე მდებარე ეს კაფე კრემლთან დაახლოებულ ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნის.
ცნობილი სამხედრო ბლოგერის გარდაცვალებას ადასტურებს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო.
როგორც მედია წერს, ტატარსკი, რომლის ნამდვილი სახელი მაქსიმ ფომინი იყო, 560 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა Telegram-ზე.
სააგენტო „ტასს“-ი ქალაქის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უნივერსიტეტის სანაპიროზე მდებარე კაფე „სთრით ბარში“ ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.
ასაფეთქებელი მოწყობილობის სამიზნე იყო ვლადლენ ტატარსკი , რომლის შემოქმედებითი საღამოც ამ დაწესებულებაში იმართებოდა. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ხელნაკეთი ბომბი ტატარსკისთვის გადასაცემ ქანდაკებაში იყო დამალული.
ვლადლენ ტატარსკი წარსულში პრორუსული ძალების შემადგენლობაში იბრძოდა დონბასში და უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომზე წერდა. უკრაინული მედია ტატარსკის კრემლის პროპაგანდისტს უწოდებს. რუსული მედია წერს, რომ შემოქმედებით საღამოს დაახლოებით 100-მდე ადამიანი ესწრებოდა.