რუსეთის არმიის სამხედრო მეთაურობის უმრავლესობამ ხერსონი უკვე დატოვა. ამის შესახებ ხერსონის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, იური სობოლევსკიმ უკრაინულ მედიასთან საუბარში განაცხადა.
ოლქში ოპერატიული სიტუაციის კომენტირებისას, კერძოდ იმაზე საუბრისას, რომ უკრაინულმა არტილერიამ გაანადგურა ყველა ხიდი და გადასასვლელი დნეპრზე, და ახლა რუსებს მეთაურები მარცხენა სანაპიროზე გადაჰყავთ, სობოლევსკიმ თქვა:
“შემიძლია ეს დავადასტურო. მართლაც, დღეს ორკებს აღარ აქვთ არცერთი უსაფრთხო ლოჯისტიკური მარშრუტი, რომელიც დააკმაყოფილებდა მათ სამხედრო საჭიროებებს, კონკრეტულად ხერსონთან განლაგებული სამხერდო დაჯგუფების უზრუნველსაყოფად.“
მან ასევე დაადასტურა, რომ ყველა არტერია ახლა სრულად უკრაინული არმიის საცეცხლე კონტროლის ქვეშ არის.
“როგორც ჩანს ეს გახდა ძირითადი მიზეზი, რომ რუსულმა სამხედრო მეთაურობამ მართლაც დატოვა ხერსონი. მათი უმრავლესობა უკვე გავიდა ხერსონიდან. ამის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია გვაქვს“– თქვა სობოლევსკიმ და დასძინა, რომ ანტონოვსკის ხიდი, რუსი ოკუპანტების მხრიდან მისი გარემონტების მცდელობის მიუხედავად ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ დიდი რისკის გარეშე მასზე ფეხით გავლაც არ შეიძლება.
“ეს ხიდი ფეხით მოსიარულეებისთვისაც დაკეტილია. ახლოს არ უშვებენ სამოქალაქო პირებს. იქ უკვე დიდი რაოდენობით დაზიანებებია და უკრაინული მხარის ყოველი დარტყმის შემდეგ უფრო ზიანდება. მართლაც ცდილობდნენ რაღაც რემონტის გაკეთებას, მაგრამ მთელი რემონტი იმაში მდგომარეობს, რომ დაზიანებული ზედაპირი მოხსნან და იქ ბეტონის ფილა დადონ. ოკუპანტებს უკვე ესმით, რომ უკრაინის არმიას ნებისმიერ დროს შეუძლია ეს სარემონტო სამუშაოები შეაჩეროს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხიდს სამხედრო თვალსაზრისით უკვე ვეღარ გამოიყენებენ“– თქვა მან.
ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ერთ–ერთი ხელმძღვანელი ამბობს, რომ უკუპანტების მორალური მდგომარეობა ძალიან მძიმეა, იმიტომ რომ მათი გეგმები ხერსონთან დაკავშირებით ჩავარდა და მათი სცენარები ვერ განხორციელდება.