ფინეთის საბაჟო სამსახურმა გაძლიერებული კონტროლის შედეგად ევროპიდან რუსეთში მიმავალი ტურისტების ბარგში სანქცირებული საქონელი აღმოაჩინა, რომლებიც სამრეწველო და სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენება.
ამის შესახებ ფინური მედია საბაჟო სამსახურზე დარყდნობით წერს.
კერძოდ, საქმე ეხება ნავიგაციის საშუალებებს და დრონებს.
გარდა ამისა, ტურისტებს აღმოუჩინეს ფუფუნების საგნები, რომელთა ექსპორტი რუსეთში უკრაინაში ომის გამო დაწესებული ევროკავშირის სანქციებით შეზღუდულია.
2022 წლის ივლისის ბოლოს ფინეთის საბაჟომ სასაზღვრო პუნქტებში 2500–ზე მეტი შემოწმება ჩაატარა რუსეთში მიმავალი ადამიანების მიმართ. დაახლოებით ასმა შემოწმებამ სანქციების რეჟიმის დარღვევა გამოავლინა.
ამჟამად ფინეთის საბაჟო და საგარეო საქმეთა სამინისტრო დაახლოებით 20 საქმის გამოძიებისთვის გადაგზანას აპირებენ, რომლებიც სამგზავრო ტრანსპორტს უკავშირდება. საქმე ეხება სანქციების დარღვევას.
ფინეთის საბაჟოს კონტროლის განყოფილების დირექტორის, მიკო გრენბერგის თქმით, ინსპექტირების შედეგები აჩვენებს, რომ ფინეთიდან რუსეთში მიმავალი ტურისტების კონტროლი უნდა გაგრძელდეს.
ფინური მედია ამბობს, რომ ფინურმა მაღაზიებმა დაიწყეს რუსი ტურისტებისთვის სანქცირებული პროდუქტების მიყიდვის შეზღუდვა, რათა ეს პროდუქტები რუსეთში არ მოხვდეს.