რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დაჭრეს

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს. როგორც ცნობილია, დაჭრილი საქართველოს მოქალაქე ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან ქუთაისში გადაიყვანეს. ინციდენტი გვიან ღამით მოხდა.

ერთ-ერთი ვერსიით შუახნის მამაკაცი ოკუპირებული გალიდან სოფელ ფიჩორის გავლით, განმუხურში გადაპარვას  ცდილობდა, რა დროსაც ის ოკუპანტებმა შეამჩნიეს და უკან დაბრუნება მოსთხოვეს. მამაკაცი მათ მოთხოვნას არ დაემორჩილა და გაქცევა სცადა, რა დროსაც მას ესროლეს.

დაჭრილს ოპერაცია სამი საათის განმავლობაში უტარდებოდა. ექიმის თქმით, მას სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიყენებული აქვს მარცხენა ფეხის ბარძაყზე. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

ფაქტზე საქმე ქართველმა სამართალდამცავებმა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით აღძრეს, თუმცა ოკუპაციის გამო დაზარალებულის ჩვენების გარდა, სხვა საგამოძიებო მოქმედებებს ვერ ჩაატარებენ.