რუსული ავიაციის შესაძლებლობები უკრაინაში საკმაოდ შეზღუდული და დაქვეითებულია – 24 ოქტომბრის შეჯამება უკრაინაში

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე უკრაინის ფრონტებზე 24 ოქტომბრის მდგომარეობას აჯამებს:

”უკრაინის სამხედრო დაზვერვის (ГУР МО) ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ხერსონში რუსები ქალაქის დასაცავად ემზადებიან და მოსახლეობის ევაკუაციას რესურსების დეფიციტის გამო ახორციელებენ – რაც უფრო ცოტაა ადამიანი მით უფრო ცოტა რესურსი იხარჯება. რუსების გათვლა ქალაქისათვის ბრძოლაა, რაც ყოველთვის რთული ამოცანაა ხოლმე განსაკუთრებით შეტევისას.

რეალურად, ბუდანოვის განცხადების კვალდაკვალ ვხედავთ ხერსონის დაცარიელებას – რუსებს ქალაქიდან ძეგლები და კულტურული მემკვიდრეობაც კი გააქვთ. ეს შეიძლება ევაკუაციას და ამ ფონზე ძარცვას წააგავდეს ან მართლაც ემზადებოდნენ საქალაქო ბრძოლისათვის. თუმცა ერთი მეორეს აუცილებლად არ გამორიცხავს – თუკი რუსული არმია ბრძოლაში დამარცხდება მათ ქალაქის ძარცვის საშუალება აღარ მიეცემათ, ამიტომ წინასწარ ახორციელებენ ამას.

– ამ ფონზე დილიდან დაიწყო ხერსონის რაიონში HIMARS-იზაცია: მაღალი სიზუსტით დაიბომბა რუსული სამხედრო ნაწილი ნოვა კახოვკაში და ჩრდილოკავკასიელთა სამხედრო ბაზა ხერსონში. ბოლო მონაცემებით რაიონში იერიშები კვლავაც გრძელდება.

– ხერსონის რაიონში რუსულ ავიაციას რთული დღე ჰქონდა – სამი შვეულმფრენი Ka-52 “ალიგატორის” ჩამოგდება მოახერხეს უკრაინელებმა. თითო მათგანის ფასი 16 მილიონი დოლარია. რუსული ავიაციის შესაძლებლობები უკრაინაში საკმაოდ შეზღუდული და დაქვეითებულია.

– ლუგანსკის რაიონში უკრაინელებმა ოთხი ძალიან მნიშვნელოვანი დასახლების გათავისუფლება შეძლეს კრემინა-სვატოვეს გზის სიახლოვეს. ყველა მათგანი მდინარე ჟერებეცის აღმოსავლეთითაა, რაც ნიშნავს, რომ კრემინასა და სვატოვეს შორის არსებულ მთელ პერიმეტრზე მდინარის ორივე ნაპირი უკრაინელების ხელშია, ხოლო ახლად გათავისუფლებული კარმაზინივკადან ცენტრალურ გზამდე 4.5 კილომეტრია დარჩენილი.

– ოკუპირებულ დონბასში ქურდობამ და ყაჩაღობამ იმატა. კოლაბორაციონისტი და სეპარატისტი მამაკაცების უმრავლესობა გაწვეულია რუსების მიერ. ვინც დარჩა ძარცვასა და კრიმიანლურ აქტივობებშია ჩართული. ქალაქებში და პატარა დასახლებებში პოლიცია ვერ ფუნქციონირებს. სახელმწიფო სერვისები – როგორიცაა წყალმომარაგება ან ნარჩენების გატანა – შეზღუდულია. დონბასი, როგორც ინდუსტრიული რაიონი პრაქტიკულად აღარ არსებობს.” – აცხადებს გიორგი კობერიძე.