„რუსული არმია გამოფიტულია, რუსები ხვდებიან, რომ პუტინი შეცდა“–ბრიტანული სპეცსამსახურების შეფასება

ბრიტანული სპეცსამსახურების აზრით, რუსეთის მეთაურობას ესმის, რა სავალალო მდგომარეობაშია მისი სამხედრო მანქანა, რუსები კი იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის შესახებ შეცდომა იყო. ამის შესახებ ბიბისი–სთან ინტერვიუში დიდი ბრიტანეთის სამთავრობო კავშირის ცენტრის  (GCHQ) ხელმძღვანელმა, ჯერემი ფლემინგმა განაცხადა. ცენტრი ქვეყნის ერთ–ერთი სპეცსამსახურია და რადიოელექტრონულ დაზვერვაზე, ასევე ბრიტანეთის არმიის და სამთავრობო ორგანოების ინფორმაციის დაცვაზე მუშაობს.

ფლემინგი ლონდონის თავდაცვითი კვლევების გაერთიანებულ სამეფო ინსტიტუტშიც გამოვიდა ანგარიშით, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს ეხებოდა. ანგარიშის მთავარი თემა ბრიტანეთის და მთლიანობაში, დასავლეთის კიბერუსაფრთხოება იყო, ასევე რუსეთისგან და ჩინეთისგან მომავალი საფრთხეები ამ თვალსაზრისით.

ანგარიშის გამოქვეყნებამდე კი ფლემინგმა უკრაინასთან დაკავშირებით მისი დეპარტამენტის მუშაობის ზოგიერთი შედეგი ბიბისი–ს გაუზიარა.

“ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთს საბრძოლო მასალები უთავდება. მას თითქმის აღარ დარჩა მეგობრები, და როგორც ვხედავთ, მობილიზაციის გამოცხადება ნიშნავს, რომ მას ჯარისკაცებიც უთავდება. რუსეთი და რუსული მეთაურობა შეწუხებულია სამხედრო მანქანის მდგომარეობით. ისინი სასოწარკვეთილებაში არიან, და ეს სასოწარკვეთა რუსული საზოგადოების ბევრ დონეზე ჩანს.“– თქვა ფლემინგმა.

მისი აზრით, არმიაში სასოწარკვეთილ მდგომარეობაზე მეტყველებს მობილიზაციის გამოცხადება სრულიად გამოუცდელი მამაკაცებისთვის და გადაწყვეტილება, არმიის რიგები პატიმრებით შეავსონ.

რაც შეეხება ორშაბათს უკრაინული ქალაქების მასობრივ დაბომბვას, მისი აზრით, ეს მეტყველებს, რომ რუსეთს ჯერ კიდევ დარჩა გარკვეული არსენალი, თუმცა მთლიანობაში ამ ომმა რუსული არმია გამოფიტა და მისი შესაძლებლობები ზღვარზეა.

რაც შეეხება რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას, GCHQ–ს ხელმძღვანელს იმედი აქვს, რომ ბრიტანული სპეცსამსახურები დროულად გამოიცნობენ ასეთი ქმედებების ნიშნებს.

ამასთან, ფლემინგის აზრით ბრიტანეთის ნაციონალური ინტერესებისთვის რუსული საფთრთხე სერიოზულია, თუმცა ის ამჟამინდელი და მყისიერია, უფრო სერიოზული პრობლემა კი გრძელვადიან პერსპექტივაში ჩინეთია.

ბრიტანეთს აშფოთებს ტექნოლოგიების განვითარების ტემპები, რომელთა საშუალებითაც ჩინეთის ხელისუფლება განსხვავებულ აზრს ახშობს, უთვალთვალებს საკუთარ მოქალაქეებს , ასევე აქტიურად აწარმოებს სამრეწველო შპიონაჟს. ფლემინგის თქმით, საფრთხეს ასევე წარმოადგენს ჩინეთის მზარდი უნარი, შეუტიოს თანამგზავრულ სისტემებს და აკონტროლოს ციფრული ვალუტების ბაზარი.

ფლემინგის განცხადებით, შეიძლება დადგეს დღე, როცა  ტექნოლოგიური მიღწევები დაეხმარება პეკინს გვერდი აუაროს დასავლეთის მიერ გამოყენებულ დაშიფვრის ყველა სახეს, რაც სამთავრობო და სხვა ობიექტების დაცვისთვის გამოიყენება.

ჯერჯერობით დასავლეთი ახერხებს ჩინეთზე სამხედრო და ტექნოლოგიური უპირატესობის შენარჩუნებას, თუმცა მომავალში ეს გარანტირებული არ არის – თქვა ფლემინგმა.